Loading data...
რუსული მედია: წინასწარი მონაცემებით, საპარლამენტო არჩევნებში ვლადიმერ პუტინის პარტია „ერთიანი რუსეთი“ ლიდერობს, მეორე ადგილზეა „კომუნისტური პარტია“

რუსული მედიის ცნობით, წინასწარი მონაცემებით, რუსეთის საპარლამენტო არჩევნებში 5%-იანი ბარიერი ხუთმა პარტიამ გადალახა.

რუსეთის ცესკოს წინასწარი შედეგებით, ბიულეტენების 18,85%-ის დათვლის შემდეგ ვლადიმერ პუტინის მმართველმა პარტია „ერთიანმა რუსეთმა“ ხმების 57.10% მიიღო. როგორც მედია წერს, ეს მაჩვენებელი აღემატება „ერთიანი რუსეთის“ მიერ წინა საპარლამენტო არჩევნებზე მიღებულ 49,8%-ს.

ამჟამად არსებული მონაცემებით, მეორე ადგილს იკავებს „კომუნისტური პარტია“ ხმების 13,98%-ით. რუსეთის ლიბერალურ-დემოკრატიულმა პარტიამ ხმათა 9,33% მიიღო, „ახალმა ხალხმა“ – 7,98%, ხოლო „სამართლიანმა რუსეთმა“ – 5.11%.

რუსეთის ცენტრალური საარჩევნო კომისიის ცნობით, ამომრჩეველთა აქტივობამ 56%-ზე მეტი შეადგინა.

ცნობისთვის, რუსეთში საპარლამენტო არჩევნები 18-20 სექტემბერს გაიმართა. საპარლამენტო არჩევნებში სულ ათი პარტია მონაწილეობდა. რუსეთის პარლამენტში 450 ადგილია. ნახევარს - პროპორციული წესით, დანარჩენს კი ერთმანდატიანი ოლქებიდან ირჩევენ. პარლამენტში მოსახვედრად ხუთპროცენტიანი ბარიერის გადალახვაა საჭირო.