Loading data...
რუსული ძალების მიერ ფრონტის ხაზის გარღვევის შემთხვევაში მაკრონი უკრაინაში ჯარის გაგზავნას არ გამორიცხავს

საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ რუსული ძალების მიერ უკრაინაში ფრონტის ხაზის გარღვევის შემთხვევაში ის უკრაინაში სახმელეთო ძალების გაგზავნაზე დაფიქრდება. ამის შესახებ მაკრონმა Economist-სთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

„საფრანგეთი არის ქვეყანა, რომელიც სამხედრო ოპერაციებს ახორციელებს, მათ შორის ცოტა ხნის წინ. ჩვენი სამხედროები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში ტერორიზმს ებრძვიან. ამას სუვერენული ქვეყნების თხოვნით ვაკეთებთ. იმ შემთხვევაში, თუ რუსები ფრონტის ხაზს გაარღვევენ, რაც ახლა არ ხდება, თუ უკრაინისგან შესაბამის თხოვნას მივიღებთ, მაშინ ამ საკითხს განვიხილავთ“, - განაცხადა ემანუელ მაკრონმა.

მაკრონის თქმით, თუ რუსეთი წინსვლას გააგრძელებს არა მარტო ის, არამედ ყველა ევროპელმა ლიდერმა ეს საკითხი უნდა დააყენოს.

„თუ თავიდანვე ამის შესაძლებლობას გამოვრიცხავთ, მაშინ გამოვა, რომ, ბოლო ორი წლის გამოცდილება არ გავიზიარეთ. 2022 წელს ნატოს სამიტზე ჩვენ გამოვრიცხეთ უკრაინისთვის ტანკების, შორი მოქმედების რაკეტების და თვითმფრინავების მიწოდება. ახლა კი სწორედ ამ შეიარაღების მიწოდების პროცესში ვიმყოფებით და სხვა ვარიანტების გამორიცხვა არასწორი იქნებოდა“, - განაცხადა მაკრონმა.

მაკრონის თქმით, მოსკოვის აგრესიული რეაქცია მის სიტყვებზე იმის მაჩვენებელია, რომ განცხადებას სასურველი შედეგი ჰქონდა. „არ იფიქროთ, რომ ამაზე გავჩერდებით, თუ ისინი არ გაჩერდებიან“, - განაცხადა მაკრონმა.

მაკრონისგან განსხვავებით, ნატოს წევრი ქვეყნების ლიდერთა უმეტესობა უკრაინაში საკუთარი ქვეყნის ჯარის გაგზავნას მხარს არ უჭერს. ამის მიუხედავად, მაკრონმა ამის შესახებ უკვე არაერთხელ განაცხადა.