Loading data...
რუსული ძალების მიერ დნეპროპეტროვსკის ოლქზე საჰაერო იერიშს მსხვერპლი მოჰყვა

უკრაინის დნეპროპეტროვსკის ოლქზე რუსული ძალების მიერ მასირებული საჰაერო იერიშის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა და 26 დაიჭრა. დაშავებულებიდან 14 საავადმყოფოში გადაიყვანეს. ინფორმაციას „მედუზა“ ავრცელებს.

რეგიონის ხელმძღვანელის, სერგეი ლისაკის თქმით, რუსულმა ძალებმა დნეპრი დაბომბეს. შეტევის დროს მათ რაკეტები და დრონები გამოიყენეს. ქალაქის რამდენიმე ადგილას ხანძარი გაჩნდა. დაზიანებულია საცხოვრებელი სახლები, სამეურნეო ნაგებობები და ავტოფარეხები.

პავლოდარში საწარმო დაზიანდა, რომლის ტერიტორიაზე ასევე ხანძარი გაჩნდა. ნიკოპოლის რაიონში დრონების და არტილერიის შეტევის შედეგად კერძო სახლს ცეცხლი გაუჩნდა. საერთო ჯამში რეგიონში 39 რუსული დრონი იყო განადგურებული.

შეტევები უკრაინის სხვა რეგიონებზეც განხორციელდა. კიევის ოლქში რამდენიმე ავტომობილი დაიწვა და ნაწილობრივ დაინგრა კერძო სახლი, ნიკოლაევის ოლქში იერიში სამრეწველო ინფრასტრუქტურაზე და საწყობებზე იყო მიტანილი.

ოდესის ოლქში დაზიანდა ფერმერების საწყობი, დაინგრა სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის საწყობი. ხმელნიცკის ოლქში ერთი ადამიანი დაიღუპა და კიდევ ორი დაშავდა. დაზიანდა 20-მდე სახლი.

საერთო ჯამში 19-20 სექტემბერს რუსულმა ძალებმა უკრაინის მიმართულებით 619 რაკეტა და დრონი გაუშვეს. უკრაინის ჰაერსაწინააღმდეგო საშუალებებმა 552 დრონი და 31 რაკეტა ჩამოაგდეს.

მთელი უკრაინის მასშტაბით ამ პერიოდში სამი ადამიანი დაიღუპა.