Loading data...
რუსტემ უმეროვს მოწმის სტატუსი აქვს კორუფციულ საქმეში, რომელშიც ბიზნესმენი ტიმურ მინდიჩი ფიგურირებს

უკრაინის ანტიკორუფციული პროკურატურის ინფორმაციით, უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანს რუსტემ უმეროვს მოწმის სტატუსი აქვს კორუფციულ საქმეში „მიდასი“, რომელშიც ბიზნესმენი ტიმურ მინდიჩი ფიგურირებს. ამის შესახებ კიევში გამართულ ბრიფინგზე სპეციალური ანტიკორუფციული პროკურატურის ხელმძღვანელმა ალექსანდრ კლიმენკომ განაცხადა.

„არასწორია, გამოვიყენოთ სიტყვა „ფიგურირებს“. ბატონი უმეროვის ქმედებები გამოიძიეს, ის დაკითხეს და ამ ეტაპზე ამ სისხლის სამართლის საქმეში მოწმის სტატუსი აქვს“, – აღნიშნა კლიმენკომ.

უკრაინის ეროვნული ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელმა სემიონ კრივონოსმა განაცხადა, რომ უმეროვი ეროვნული ანტიკორუფციული ბიუროს დეტექტივებმა დაკითხეს.

ცნობისთვის, 29 აპრილს Ukrainska Pravda-მ გამოაქვეყნა უკრაინის ეროვნული ანტიკორუფციული ბიუროს მიერ მოპოვებული „მიდასის“ საქმის ფიგურანტების საუბრები. კერძოდ, სანქცირებული ბიზნესმენის ტიმურ მინდიჩისა და თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ამჟამად ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივნის, რუსტემ უმეროვის საუბარი, სადაც ისინი იარაღის მწარმოებელი კომპანიის FirePoint-ის წილის შესაძლო გასხვისებას განიხილავდნენ.

უმეროვის პრესსამსახურმა განაცხადა, რომ სამართალდამცავმა ორგანოებმა უნდა დაადგინონ ჩანაწერების ავთენტურობა და შესაბამისობა. მათ ასევე განაცხადეს, რომ უმეროვმა უკვე მიაწოდა სამართალდამცავ ორგანოებს ყველა საჭირო ახსნა-განმარტება და რომ „იარაღთან დაკავშირებული კომუნიკაცია თავდაცვის მინისტრის მოვალეობის ნაწილია“.

2025 წლის ნოემბერში Fire Point-ის თანამფლობელმა და მთავარმა კონსტრუქტორმა დენის შტილერმანმა დაადასტურა, რომ ბიზნესმენი ტიმურ მინდიჩი, რომელიც უკრაინის ენერგეტიკულ სექტორში კორუფციის საქმეშია ეჭვმიტანილი, კომპანიის აქციების 50%-ზე პრეტენზიას აცხადებს.