Loading data...
რუსტემ უმეროვი კეშ პატელს საიდუმლოდ შეხვდა - The Washington Post

უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს თავმჯდომარე რუსტემ უმეროვი აშშ-ის გამოძიების ფედერალური ბიუროს ხელმძღვანელს კეშ პატელს საიდუმლოდ შეხვდა. საკითხზე The Washington Post წყაროებზე დაყრდნობით წერს.

ბოლო პერიოდში უმეროვმა მაიამიში, სულ მცირე, სამჯერ იმოგზაურა დონალდ ტრამპის გუნდის წარმომადგენლებთან - სტივ უიტკოფსა და ჯარედ კუშნერთან მოლაპარაკებებისთვის, თუმცა, გამოცემის წყაროების თქმით, ამერიკაში ყოფნის დროს უმეროვმა დახურული შეხვედრები გამართა გამოძიების ფედერალური ბიუროს ხელმძღვანელთან და მის მოადგილესთან.

The Washington Post-ის ინფორმაციით, ეს შეხვედრები დასავლელ მაღალჩინოსნებში შეშფოთებას იწვევს.

როგორც გამოცემა წერს, ზოგიერთი მათგანის შეფასებით, უმეროვი და სხვა უკრაინელი მაღალჩინოსნები შეხვდნენ პატელს იმ იმედით, რომ დაიცვან თავი კორუფციული ბრალდებებისგან. მეორე ნაწილი კი ფიქრობს, რომ ახალი კომუნიკაციის არხი, შესაძლოა, გამოიყენონ ზელენსკის მთავრობაზე ზეწოლისთვის, აიძულონ უკრაინა, მიიღონ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის მიერ შეთავაზებული სამშვიდობო შეთანხმება, რომელიც უკრაინის მხრიდან დიდ დათმობებს გულისხმობს.

აშშ-ში უკრაინის ელჩმა ოლგა სტეფანიშინამ დაადასტურა, რომ უმეროვი კეშ პატელს შეხვდა. როგორც სტეფანიშინამ გამოცემას განუმარტა, მათ „მხოლოდ ეროვნული უშიშროების საკითხები განიხილეს“, რომლებიც არ შეიძლება, გასაჯაროვდეს.