რუსეთში ნავთობის მოპოვება მეორე თვეა იკლებს
მიმდინარე წლის იანვარში რუსეთში ნავთობის მოპოვება კვლავ შემცირდა. ეს ტენდენცია მეორე თვეა გრძელდება. კლება აშშ-ის მიერ დაწესებულ სანქციებს უკავშირდება, რაც მსოფლიო ბაზარზე რუსული ნავთობის გაყიდვას ართულებს. ამის შესახებ Bloomberg იუწყება.
როგორც სააგენტო საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით იუწყება, იანვარში რუსეთში 9,28 მლნ ბრალი ნავთობის წარმოება ხდებოდა, რაც გასული წლის დეკემბერზე 40 ათასი ბარელით ნაკლებია. ასევე ეს მაჩვენებელი 300 ათასი ბარელით ნაკლებია, ვიდრე ნავთობის იმპორტიორი ქვეყნების მიერ დაწესებული ლიმიტი.
ეს მონაცემები ირიბად ადასტურებს ინფორმაციას, რომელიც ინდოეთის გამოცემამ, Hindustan Times-მა გაავრცელა. იანვარში ინდოეთი რუსეთიდან დღეში 1,215 მლნ ბარელი ნავთობის იმპორტს ახორციელებდა. ეს 12%-ით ნაკლებია, ვიდრე გასული წლის დეკემბერში და 22%-ით ნაკლები, ვიდრე გასული წლის ნოემბერში.
2 თებერვალს აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ინდოეთი რუსული ნავთობის შეძენას შეწყვეტს შეერთებულ შტატებთან მიღწეული შეთანხმების მიხედვით. შეთანხმების მიხედვით, აშშ-მა ინდოეთს 25%-იანი ტარიფები გაუუქმა.
სააგენტო Reuters-ის ცნობით, ინდურმა ნავთობგადასამუშავებელმა კომპანიებმა აპრილის ფიუჩერსების რუსული ნავთობის შეძენაზე უარს აცხადებენ.
Bloomberg-ის ცნობით, რუსეთის ნავთობის მყიდველის მოძიების მხრივ სერიოზულ სირთულეებს აწყდება. ამჟამად ინდოეთის ოკეანეში ათამდე ტანკერია გაჩერებული, რომელთა ბორტზე 12 მილიონამდე ბარელი ნავთობია და მყიდველს ვერ პოულობს.