რუსეთში მოქალაქეებს ინსტაგრამზე ლურჯი ვერიფიკაციის გამო ექსტრემისტებად ჩათვლიან - Moscow Times

მოსკოვის კუნცევსკის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებით, რუსებს აეკრძალებათ საკუთარი Instagram-ის ანგარიშების დადასტურება ლურჯი ვერიფიკაციით. აღნიშნულის შესახებ Moscow Times-ი წერს.
სასამართლომ განიხილა შეტანილი სარჩელი.
პროკურორის თქმით, ვერიფიკაციისთვის საჭიროა ფასიანი გამოწერა ანუ თანხების გადარიცხვა Instagram-ის მფლობელი კომპანია Meta-სთვის, რომელიც რუსეთში „ექსტრემისტულ ორგანიზაციად” არის გამოცხადებული.
სასამართლო დაეთანხმა არგუმენტებს, რომ მომსახურების მიღება „სისხლის სამართლის დანაშაულია“, რადგან „შეიძლება ხელი შეუწყოს ექსტრემისტული ორგანიზაციის დაფინანსებას“.
სოციალური ქსელი რუსეთში 2022 წლის მარტში უკრაინასთან ომის დაწყების შემდეგ დაიბლოკა. იმავე თვეში, გენერალური პროკურატურის მოთხოვნით, Meta „ექსტრემისტულ ორგანიზაციად” გამოაცხადეს და ქვეყანაში აკრძალეს.
ამასთან, 2025 წლის გაზაფხულზე რუსეთმა აკრძალა რეკლამა იმ უცხოური და საერთაშორისო ორგანიზაციების პლატფორმებზე, რომლებიც ქვეყანაში „არასასურველად“ ან „ექსტრემისტულად“ არიან აღიარებულნი.