Loading data...
რუსეთში, ქალაქ ვორონეჟში თბოელექტროსადგურზე სარაკეტო დარტყმა განხორციელდა - მედია

9 ნოემბრის ღამეს რუსეთის ქალაქ ვორონეჟში აფეთქებები მოხდა, რის შემდეგაც რუსულმა მედიამ ვორონეჟის ერთ-ერთ თბოელექტროსადგურზე სავარაუდო სარაკეტო დარტყმის შესახებ ინფორმაცია გაავრცელა. ამის შესახებ  დამოუკიდებელი რუსული გამოცემა Astra იტყობინება.

„ყურადღება! რეგიონში გამოცხადებულია სარაკეტო საფრთხე!“, - განაცხადა რეგიონის გუბერნატორმა ალექსანდრე გუსევმა.

„ასტრას“ ჟურნალისტებმა დარტყმის ადგილმდებარეობა გეოლოკაციით დაადგინეს.

მათი ანალიზის თანახმად, დარტყმის სამიზნე, სავარაუდოდ, სწორედ ეს ელექტროსადგური იყო.

სადგურში დაახლოებით 430 ადამიანია დასაქმებული.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, გასულ ღამეს უკრაინელების 44 დრონი ჩამოაგდეს.