Loading data...
რუსეთში, ქალაქ ვოლგოგრადში უკრაინული დრონის იერიშს ერთი ადამიანი ემსხვერპლა - რუსული მხარე

ვოლგოგრადის ოლქის გუბერნატორის ანდრეი ბოჩაროვის განცხადებით, 6 ნოემბრის ღამეს რუსეთში, ქალაქ ვოლგოგრადში უკრაინული დრონის იერიშის შედეგად 48 წლის კაცი დაიღუპა. 

ბოჩაროვის თქმით, დრონი 24-სართულიან საცხოვრებელ შენობას დაეცა. დაზიანდა აივნები და ახლომდებარე შენობებში ფანჯრები ჩაიმსხვრა.

გარდა ამისა, დრონის იერიშის შედეგად ხანძარი გაჩნდა კრასნოარმეისკის რაიონის სამრეწველო ზონაში. 

რეგიონულ ადმინისტრაციას არ დაუკონკრეტებია, თუ რომელი საწარმო იყო დარტყმის სამიზნე. 

მანამდე კი, რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ ინფორმაცია გაავრცელა, რომლის თანახმადაც ვოლგოგრადის ოლქში 49 დრონი ჩამოაგდეს.

უკრაინულ მხარეს დრონებით იერიშთან დაკავშირებით ოფიციალური განცხადება ჯერ არ გაუკეთებია.