Loading data...
რუსეთში იერიში მიიტანეს „ტაიფუნის“ ქარხანაზე, რომელიც თავდაცვის ინდუსტრიისთვის ნაწილებს აწარმოებს - უკრაინული მედია

უკრაინულმა ძალებმა გასულ ღამეს იერიში მიიტანეს რუსეთის კალუგის ოლქში მდებარე ქარხანა „ტაიფუნსა“ და ნავთობის საცავზე. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს დეზინფორმაციის წინააღმდეგ ბრძოლის ცენტრის ხელმძღვანელი ანდრეი კოვალენკო Telegram-ზე ავრცელებს.

ანდრეი კოვალენკოს თქმით, ეს საწარმო სამხედრო-ინდუსტრიული კომპლექსის ნაწილია. უფრო კონკრეტულად, ამ ქარხანაში მიმდინარეობს რადიოელექტრონული აღჭურვილობის - საკომუნიკაციო სისტემების, ელექტრო სადაზვერვო და სარადარო აღჭურვილობის წარმოების პროცესი. გარდა ამისა, ქარხანა კომპონენტებს აწარმოებს სამხედრო აღჭურვილობაზე დასამონტაჟებელი სათვალთვალო და სამიზნე სისტემებისთვის.

„ქარხანა ნაწილებს აწარმოებს საჰაერო თავდაცვის სისტემებისთვის, საავიაციო აღჭურვილობისა და სარაკეტო სისტემებისთვის. „ტაიფუნი“ ასევე დაკავებულია იმ ტექნიკის მომსახურებითა და დახვეწით, რომელიც რუსეთის რუსეთის ჯარების სამსახურშია“, - აცხადებს ანდრეი კოვალენკო.

ჯერჯერობით უცნობია, რა ზიანი მიადგა შეტევის შედეგად საწარმოს.