რუსეთში იერიში განხორციელდა ქარხანაზე, რომელიც „კალიბრების“ საწვავს აწარმოებს
რუსეთის ტვერის ოლქში საჰაერო იერიში განხორციელდა რედკინსკის ქარხანაზე, რომელიც რუსული ფრთოსანი რაკეტებისთვის საწვავს აწარმოებს. ამის შესახებ Deutche Welle იუწყება.
ტვერის ოლქის გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელმა ვიტალი კოროლიოვმა ტელეგრამში დაწერა, რომ უპილოტო საფრენი აპარატების შეტევის მოგერიებისას კონაკოვსკის ოლქში ერთ-ერთი საწარმოს ტერიტორიაზე ხანძარი გაჩნდა.
როგორც უკრაინის თავდაცვისა და უსაფრთხოების საბჭოს წარმომადგენელმა ანდრეი კოვალენკომ განაცხადა, ამ ქარხანაში ხდება ქიმიური კომპონენტების წარმოება, რომლებიც სამხედრო პროგრამებში გამოიყენება. ეს პროდუქცია გამოიყენება საწვავის კომპონენტებში, ასაფეთქებელ ნივთიერებებში, ასევე სხვა ქიმიურ ნაერთებში, რომლებიც იარაღის წარმოებისას გამოიყენება.
ქარხანა, კერძოდ, აწარმოებს საწვავს სტრატეგიული ფრთოსანი რაკეტებისთვის, „კალიბრი“,Х-101 და Х-555.
ტელეგრამ-არხი Astra იუწყება, რომ ტვერის ოლქის დასახლება რედკინოს მოსახლეობამ რამდენიმე აფეთქების ხმა გაიგო, რასაც ხანძარი მოჰყვა. ქარხნის მახლობლად ქიმიური ნივთიერებების სუნი იგრძნობა.