Loading data...
რუსეთში გენერალ-პოლკოვნიკს 17-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს

რუსეთში გენერალ-პოლკოვნიკს ხალილ არსლანოვს გარნიზონის სამხედრო სასამართლომ 17-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. სასამართლომ არსლანოვი მექრთამეობაში და თაღლითობაში დამნაშავედ ცნო. ინფორმაციას rbc.ru ავრცელებს.

პატიმრობის გარდა, სასამართლომ გენერალს სამხედრო წოდება და ორდენები ჩამოართვა და 24 მლნ რუბლის (305 ათასი აშშ დოლარის) ჯარიმის გადახდა დააკისრა.

სასამართლომ დაადგინა, რომ ხალილ არსლანოვმა რუსეთის შეიარაღებული ძალების კავშირგაბმულობის მთავარი სამმართველოს უფროსად მუშაობის პერიოდში პორტატული რადიოსადგურების შეძენისას 6,7 მლრდ რუბლი (85 მლნ აშშ დოლარი) მოიპარა, რადგანაც ამ პროდუქციის ფასი ხელოვნურად გაზარდა. არსლანოვი აცხადებს, რომ ბრალდება გამოგონილია, რადგანაც რადიოსადგურებს მხოლოდ სამხედროები იყენებენ და მისი საბაზრო ფასი, რაზეც გამოძიება აპელირებს, უბრალოდ არ არსებობს.

ასევე არსლანოვი იაროსლავლის რადიოქარხნის ყოფილი დირექტორისგან, სერგეი იაკუშევისგან 12 მლნ რუბლის (152 ათასი აშშ დოლარის) გამოძალვაშიც იყო ბრალდებული.

არსლანოვის გარდა, ამ საქმეში კიდევ რამდენიმე პირი ფიგურირებს.