რუსეთში Deutsche Welle „არასასურველ ორგანიზაციად“ გამოაცხადეს
რუსეთში გერმანულენოვანი სამაუწყებლო კომპანია Deutsche Welle არასასურველ ორგანიზაციად გამოცხადდა. ამის შესახებ ინფორმაციას თავად Deutsche Welle ავრცელებს.
როგორც მედიასაშუალება იტყობინება, შესაბამისი ჩანაწერი რუსეთის იუსტიციის სამინისტროს რეესტრში 16 დეკემბერს აისახა.
რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს განცხადებით, გენერალურმა პროკურატურამ მხარი დაუჭირა გერმანიის მედიაკომპანიის, Deutsche Welle-ის (DW) „არასასურველ ორგანიზაციათა“ რეესტრში შეტანას.
აღნიშნულს გერმანიის ხელისუფლება გამოეხმაურა და მკაცრად დაგმო რუსეთის ხელისუფლების მიერ მიღებული გადაწყვეტილება.
გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთის ხელისუფლების გადაწყვეტილებას „აბსოლუტურად უსაფუძვლო“ უწოდა.
ბერლინში გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლის თქმით, რუსეთი „მასობრივად ეწინააღმდეგება გამოხატვის თავისუფლებას და რეპრესიები იქ ჩვეულებრივ მოვლენად იქცა“.
რუსეთის ფედერაციაში „არასასურველ ორგანიზაციებთან“ თანამშრომლობისთვის გათვალისწინებულია ადმინისტრაციული და სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა.