Loading data...
რუსეთში ჩამოვარდნილი თვითმფრინავის ყველა მგზავრი დაიღუპა - BBC

რუსეთის შორეულ აღმოსავლეთში, ამურის რეგიონში Angara Airlines-ის თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად, ყველა მგზავრი დაიღუპა. ინფორმაციას BBC რუსეთის ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით ავრცელებს. 

თვითმფრინავი ხაბაროვსკი-ბლაგივეშენსკი-ტინდას მარშრუტზე რეისს ასრულებდა. ტინდას აეროპორტში დაფრენა თვითმფრინავმა პირველ ჯერზე ვერ შეძლო და მეორე წრეზე წავიდა. ამის შემდეგ კი, მასთან კავშირი დაიკარგა. როგორც ირკვევა, ბორტზე 48 ადამიანი იმყოფებოდა, მათგან 6 ეკიპაჟის წევრი იყო. 

მგზავრებს შორის 5 ბავშვი აღმოჩნდა. ამურის რეგიონის გუბერნატორმა ვასილი ორლოვმა სამდღიანი გლოვა გამოაცხადა. 

ტერიტორიის შორეული, ჭაობიანი ბუნების გამო, მაშველებს შემთხვევის ადგილზე მისასვლელად, დაახლოებით, 1 საათი დასჭირდათ.

სასწრაფო დახმარების წარმომადგენლების განცხადებით, წინასწარი გამოძიება უკვე დაწყებულია. ავიაკატასტროფის მიზეზად უამინდობის გამო პილოტის შეცდომა ან თვითმფრინავის ტექნიკური გაუმართაობა სახელდება.