Loading data...
რუსეთში 1-ელი სექტემბრიდან ეროვნული მესენჯერის - Messenger Max-ის წინასწარი ინსტალაცია სავალდებულო გახდება

რუსეთის ფედერაციის მთავრობა ეროვნული მესენჯერის - Messenger Max-ის ელექტრონულ მოწყობილობებზე წინასწარ დაინსტალირებული აპლიკაციების სიაში შეიტანს. აღნიშნულის შესახებ რუსული მედია რუსეთის მინისტრთა კაბინეტის პრესსამსახურზე დაყრდნობით იტყობინება. 

როგორც რუსული მედია წერს, Messenger Max-ი „ვკონტაქტეს“ ჩაანაცვლებს. შესაბამისი ცვლილებები კი 1-ელი სექტემბრიდან ამოქმედდება. 

„გარდა ამისა, 1-ელი სექტემბრიდან RuStore წინასწარ იქნება დაინსტალირებული iOS და HyperOS ოპერაციული სისტემების (OS) მოწყობილობებზე. აქამდე, ადგილობრივი აპლიკაციების მაღაზიის წინასწარი ინსტალაცია მხოლოდ Android და HarmonyOS მოწყობილობებზე იყო სავალდებულო“, - წერს რუსული მედია. 

ინფორმაციისთვის, რუსეთის ფედერაციაში ეროვნული მესენჯერის შექმნის შესახებ კანონი ივნისში მიიღეს. 

რუსული მედიის ცნობით, Max-ის პლატფორმის პირველი ვერსია VK-მ 2025 წლის მარტის ბოლოს წარადგინა; ივნისის ბოლოსთვის მომხმარებელთა რაოდენობამ 1 მილიონი შეადგინა.