რუსეთს სურს, 5 წელიწადში ახალი აგრესიის შესაძლებლობებს მიაღწიოს, მათ შორის ნატოს სახელმწიფოს წინააღმდეგ - გერმანელი გენერალი
გერმანია ხედავს ნიშნებს, რომ რუსეთის არმიას სურს, 2029 წლისთვის ისეთ შესაძლებლობებს მიაღწიოს, რომ ახალი აგრესიის განხორციელება შეძლოს, მათ შორის ნატოს სახელმწიფოს წინააღმდეგ. ამის შესახებ კიევში ჟურნალისტებთან საუბრისას გერმანიის თავდაცვის სამინისტროს უკრაინის საკითხებზე სპეციალური შტაბის ხელმძღვანელმა, გენერალმა კრისტიან ფროიდინგმა განაცხადა.
გენერლის თქმით, რუსეთი არის და დარჩება უახლოეს მომავალში ყველაზე დიდ საფრთხედ დასავლეთ ევროპისთვის და მთლიანად ევროპისთვის.
„ჩვენ ძალიან კარგად ვაცნობიერებთ, რომ ის, რაც უკრაინაში ხდება, შეიძლება გერმანიის აღმოსავლეთ მეზობლებთანაც მოხდეს“, - თქვა ფროიდინგმა.
გერმანელმა გენერალმა განმარტა, რომ რუსეთი ემზადება სამხედრო ძალაუფლებისა და არმიის მოცულობის გასაზრდელად.
„ჩვენ ძალიან მკაფიოდ ვხედავთ ვადებს და გვესმის, რომ 2029 წლისთვის, ანუ 5 წლის განმავლობაში, რუსეთის შეიარაღებული ძალები მიისწრაფვიან, მიაღწიონ ისეთ სამხედრო შესაძლებლობებს, რაც მათ საშუალებას მისცემს, განახორციელონ ნებისმიერი ახალი აგრესია, მათ შორის ნატოს სახელმწიფოს წინააღმდეგ. ეს კარგად ვიცით და ამის შესახებ ცნობიერება ჩვენს მოსახლეობაშიც იზრდება“, - განაცხადა გერმანელმა სამხედრო ოფიცერმა.
ფროიდინგმა ასევე განაცხადა, რომ უკრაინის თავდაცვის საკითხებზე საკონტაქტო ჯგუფის დამატებითი შეხვედრა შესაძლოა დეკემბერში ჩატარდეს. ერთ-ერთ ვარიანტად მაღალი დონის მოლაპარაკებები განიხილება.