Loading data...
რუსეთს სირიიდან ფლოტი გაჰყავს

რუსეთს სირიის ქალაქ ტარტუსში მდებარე სამხედრო-საზღვაო ბაზიდან ფლოტი გაჰყავს. ამის შესახებ გამოცემა Naval News იუწყება.

კერძოდ, სამხედრო ბაზა ტანკერმა „ელნიამ“ დატოვა. ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ პორტიდან გავიდა ორი რუსული ფრეგატი და წყალქვეშა ნავი. სულ ტარტუსის ბაზაზე ხუთი რუსული ხომალდი და ერთი წყალქვეშა ნავი იყო ბაზირებული.

ანალიტიკოსები ვარაუდობენ, რომ ეს ხომალდები, სავარაუდოდ, ბალტიის ზღვაში წავლენ, მანამდე კი ლიბიაში და ალჟირში გაჩერდებიან. თუ რუსეთს ტარტუსში სამხედრო ბაზის შენარჩუნება სურს, მაშინ იქ დამხმარე გემები უნდა გააგზავნოს.

ეს გადაწყვეტილება, სავარაუდოდ, სირიაში ბოლო დღეებში განვითარებულმა მოვლენებმა გამოიწვია, როდესაც ჯიჰადისტებმა ქვეყნის სიდიდით მეორე ქალაქი, ალეპო აიღეს და სამხრეთით შეტევა გააგრძელეს. თუ შეიარაღებული ოპოზიციის ძალები ქალაქ ჰამასაც აიღებენ, იქიდან დამასკომდე პირდაპირი გზა იხსნება.

ტარტუსში მდებარე ბაზას რუსეთისთვის სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს. აქ ჯერ კიდევ საბჭოთა ფლოტი 1971 წლიდან იყო ბაზირებული. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ბაზა დაიხურა, მაგრამ 2012 წელს, სირიაში სამოქალაქო ომის დაწყების შემდეგ ვლადიმერ პუტინმა მისი აღდგენის გადაწყვეტილება მიიღო. ბოლო დრომდე ეს უცხო ქვეყანაში მდებარე რუსეთის ძირითადი სამხედრო-საზღვაო ბაზა იყო.