რუსეთს არავინ მისცემს ტერიტორიებს, რომელიც მას არც კი დაუპყრია - ეს გონიერების ზღვარს სცილდება - ჯეი დი ვენსი

„უკრაინის საკითხზე მიმდინარე მოლაპარაკების დროს რუსეთი გონიერზე მეტს ითხოვს. მას არავინ მისცემს ტერიტორიებს, რომელიც არც კი დაუპყრია“. ამის შესახებ შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტმა ჯეი დი ვენსმა Foxnews-ისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.
ვენსის თქმით, რუსეთმა ძალზე ბევრი მოითხოვა მოლაპარაკების დროს, რომლის მიზანია უკრაინაში ომის დასრულება.
„ჩვენ ვიცოდით, რომ რუსეთი ბევრს მოითხოვდა. ისინი ფიქრობენ, რომ ომში იმარჯვებენ. მაგრამ რუსეთს არ უნდა ჰქონდეს იმის იმედი, რომ მისცემენ ტერიტორიას, რომელიც არც კი დაუპყრია. ეს მოთხოვნა მათ სამშვიდობო გეგმის პირველ ვერსიაში ჩადეს“, - განაცხადა აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა.
ამასთანავე, ვენსი ამბობს, რომ ეს მოულოდნელი არ ყოფილა. რადგანაც მოლაპარაკების დროს მხარეები ხშირად თავიდან ზედმეტად ბევრს ითხოვენ.
ვენსმა გარკვეული პროგრესი უწოდა იმ ფაქტს, რომ რუსეთი და უკრაინა მოლაპარაკებას დათანხმდნენ და რომ ისინი კონკრეტულ სამშვიდობო გეგმებს სთავაზობენ. ამასთანავე, ვიცე-პრეზიდენტი ამბობს, რომ აშშ გავა მოლაპარაკებიდან, თუ დაინახავს, რომ რუსები მოლაპარაკებაში არ მონაწილეობენ ან არაკეთილსინდისიერად იქცევიან.
ჯეი დი ვენსმა რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ აშშ მომდევნო 100 დღის განმავლობაში რუსეთ-უკრაინის მოლაპარაკების ჩატარებას შეეცდება. მისი თქმით, შეერთებული შტატები პრობლემის გრძელვადიან მოგვარებაზე ჩამოყალიბდება, რადგანაც 30-დღიანი ცეცხლის შეწყვეტის გეგმა რუსეთს არ მოსწონს.