რუსეთმა შავ ზღვაში ორ უკრაინულ სამოქალაქო სამაშველო გემს დაარტყა - არიან დაშავებულები
რუსეთი შავ ზღვაში ორ სამოქალაქო სამძებრო-სამაშველო გემს თავს დაესხა, რითაც საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის ნორმები უხეშად დაარღვია. ამის შესახებ რეკონსტრუქციის საკითხებში უკრაინის ვიცე-პრემიერმა, თემებისა და ტერიტორიების განვითარების მინისტრმა ალექსეი კულებამ საკუთარ Facebook გვერდზე განაცხადა.
„მტერმა დაარტყა საზღვაო სამძებრო-სამაშველო სამსახურის ორ კატარღას, რომლებიც უკრაინის საზღვაო დერეფანში ჰუმანიტარულ მისიას ასრულებდნენ. სამწუხაროდ, არიან დაშავებულები. უკრაინის საზღვაო ძალების ნავებით ევაკუაცია გრძელდება“, - დაწერა მან.
მინისტრმა აღნიშნა, რომ მცირე ზომის სამძებრო-სამაშველო გემები საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის შესაბამისად, განსაკუთრებული დაცვის ქვეშ იმყოფებიან.
უკრაინის საზღვაო ძალების პრესსამსახურის ცნობით, ორივე გემს, საერთაშორისო სამართლის შესაბამისად, შესაბამისი ფერი და აღნიშვნა „SAR“ ჰქონდა, რაც Search and Rescue-ის [ძებნა-შველის] აბრევიატურაა.