რუსეთმა საავიაციო ნავთის ექსპორტი აკრძალა
რუსეთმა ნოემბრის ბოლომდე საავიაციო ნავთის ექსპორტი აკრძალა. ამის მიზეზი „საწვავის შიდა ბაზარზე სტაბილურობის უზრუნველყოფაა“. ინფორმაციას Deutche Welle ავრცელებს.
აკრძალვა მათ შორის ვრცელდება იმ საავიაციო საწვავზე, რომელიც ბირჟებზე ვაჭრობის დროს არის შეძენილი. გამონაკლისია საჰაერო ხომალდების ავზებში არსებული საწვავი, ასევე საავიაციო ნავთის ის პარტიები, რომელთა საბაჟო პროცედურები ამ დადგენილების ამოქმედებამდე არის დაწყებული. ასევე ნავთის მიწოდება გაგრძელდება სამთავრობათაშორისო შეთანხმებების მიხედვით.
საავიაციო საწვავის ექსპორტს რუსეთი სარკინიგზო გზით ცენტრალურ აზიაში, ძირითადად ყაზახეთში, ყირგიზეთში, ტაჯიკეთში და უზბეკეთში ახორციელებს.
საავიაციო ნავთის ექსპორტი უკვე მოქმედ შეზღუდვებს დაემატა. რუსეთიდან მთლიანად არის აკრძალული ბენზინის ექსპორტი, ხოლო დიზელის, გემების საწვავის და გაზოილის გაყიდვა მკაცრად არის რეგლამენტირებული.
საავიაციო საწვავის მსოფლიო ბაზარზე ისედაც დეფიციტი შეინიშნება. ჰორმუზის სრუტის გადაკეტვის შემდეგ, რომელიც ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე ომით არის გამოწვეული, ავიაკომპანიებმა მაისში დაგეგმილზე 2 მლნ ბილეთით ნაკლები გაყიდეს.
ბოლო კვირებში უკრაინამ რუსეთის ზურგში მდებარე ნავთობის და გაზის ობიექტებზე მასირებული დარტყმები დაიწყო და ამით რუსეთის შემოსავლების შემცირებას ცდილობს. რუსეთის ზოგიერთმა ნავთობგადასამუშავებელმა ქარხანამ ან საერთოდ გააჩერა წარმოება, ან ის მნიშვნელოვნად შეამცირა. დიზელის საწვავის წარმოება მაისში 10%-ით შემცირდა. აპრილშიც ანალოგიური მასშტაბის კლება იყო.