რუსეთმა პოლტავა დაბომბა, არიან დაღუპულები და დაშავებულები

დღეს, 3 ივლისს, ადგილობრივი დროით დაახლოებით დილის 9 საათზე რუსეთმა ქალაქი პოლტავა დრონებით დაბომბა. ერთ-ერთი დარტყმის შედეგად, პოლტავას გაერთიანებული საქალაქო ტერიტორიული დასაქმებისა და სოციალური მხარდაჭერის ცენტრის შენობაში ხანძარი გაჩნდა. ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა განაცხადა.
აღნიშნულია, რომ კიდევ ერთი დარტყმის გამო, ხანძარი გაჩნდა პოლტავას საოლქო ტერიტორიული დასაქმებისა და სოციალური მხარდაჭერის ცენტრის ახლოს მდებარე კერძო საცხოვრებელი კორპუსის ტერიტორიაზე.
„სამწუხაროდ, არიან დაღუპულები და დაჭრილები, მათ შორის მშვიდობიანი მოქალაქეები. ადგილზე სასწრაფო დახმარების სამსახურები მუშაობენ. დაშავებულების შესახებ დამატებითი ინფორმაცია ზუსტდება და დამატებით გახდება ცნობილი“, - განაცხადა გენერალურმა შტაბმა.
რუსული ავიაიერიშის შედეგად, პოლტავაში ორი ადამიანი დაიღუპა და 11 დაშავდა. ამის შესახებ პოლტავას საოლქო სახელმწიფო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ვოლოდიმირ კოჰუტმა განაცხადა.
„წინასწარი ინფორმაციით, სამწუხაროდ, ორი ადამიანი დაიღუპა და 11 დაშავდა. ადგილზე საგანგებო სიტუაციების რეაგირების შტაბია მობილიზებული. ყველა საჭირო სამსახური მუშაობს“, - დაწერა მან Telegram-ზე.
უკრაინის სახელმწიფო საგანგებო სიტუაციების სამსახურის ცნობით, რუსული დარტყმის ადგილზე გაჩენილი ერთ-ერთი ხანძარი უკვე ლოკალიზებულია.