„რუსეთმა მეტი უნდა გააკეთოს ამ ომის დასასრულებლად“ - ნატოს გენმდივანმა მოსკოვი მოლაპარაკებების გაჭიანურების გამო გააკრიტიკა

ნატოს გენერალური მდივანი მარკ რუტე მიიჩნევს, რომ რუსეთმა შეერთებულ შტატებს უნდა აჩვენოს თავისი სურვილი უკრაინაში ომის დასრულების შესახებ, მაგრამ ჯერჯერობით კრემლი ამ პროცესს მხოლოდ აჭიანურებს. ამის შესახებ მან CBS News-თან ინტერვიუში განაცხადა.
მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ შეერთებული შტატებიც და ნატოც ცდილობენ, დაასრულონ ომი უკრაინაში და „ამ ძალისხმევის ფარგლებში, შეერთებული შტატები ნამდვილად ცდილობს“. თუმცა, მისივე თქმით, ბურთი ახლა რუსეთის მოედანზეა, რომელიც ცეცხლის შეწყვეტისთვის საკმარისს არ აკეთებს.
„ვფიქრობ, ისინი საკმარისად სწრაფად არ მოქმედებენ და მეჩვენება, მათ შორის ამას ვისმენდი ჩემი ამერიკელი თანამოსაუბრეებისგანაც, რომ რუსეთმა ნამდვილად მეტი უნდა გააკეთოს ამ ომის დასასრულებლად“, - განაცხადა რუტემ.
მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ დასავლელი მოკავშირეები სრულად უჭერენ მხარს აშშ-ის ძალისხმევას ომის სამართლიანი, მდგრადი და გრძელვადიანი დასასრულისთვის.
ამავდროულად, წამყვანის პირდაპირ კითხვაზე, იყო თუ არა ის შეშფოთებული, რომ რუსეთი შეერთებულ შტატებს ცეცხლის შეწყვეტის პირობებს უყენებს, რუტემ უარყოფითად უპასუხა:
„მე ველაპარაკე [აშშ-ის სახელმწიფო მდივან] მარკო რუბიოს, რეგულარულად ვესაუბრები ამერიკის ადმინისტრაციის სხვა წევრებს. ვფიქრობ, ისინი ნამდვილად ცდილობენ, ნაბიჯ-ნაბიჯ მიაღწიონ იმ სიტუაციას, სადაც ეს ომი შეიძლება დასრულდეს. მაგრამ, რა თქმა უნდა, რუსეთს - რუსებსაც უწევთ ტანგოს ცეკვა და ამჟამად, როგორც ჩანს, ამას არ აკეთებენ და ეს რთულია“.
რუტემ ასევე დაამატა, რომ ბოლო დროს „ფრონტის ხაზი არასწორი მიმართულებით მოძრაობს“. ამასთან, ის არ არის დარწმუნებული, აპირებს თუ არა ვლადიმერ პუტინი უკრაინაში შეჭრის შეწყვეტას.
„ჩვენ არ ვიცით. ვფიქრობ, რომ ეს გამოცდაა და უნდა ვნახოთ, როგორი იქნება მისი რეაქცია ამერიკულ წინადადებებზე“, - განაცხადა ნატოს გენერალურმა მდივანმა.
მან დასძინა, რომ ცეცხლის შეწყვეტას „შეიძლება იმაზე მეტი დრო დასჭირდეს, ვიდრე ჩვენ გვსურს“.
„მაგრამ ის ფაქტი, რომ ტრამპი ცდილობს, გამოცადოს რუსები, თუ რამდენად სერიოზულები არიან ისინი... ჩვენ ვნახავთ უახლოეს კვირებში, რამდენად შორს შეუძლია მას წასვლა და მე მას მხარს ვუჭერ”, - აღნიშნა მან.