Loading data...
რუსეთმა ჩრდილოეთ კორეას სამხედროების სანაცვლოდ საზენიტო რაკეტები გადასცა - სამხრეთ კორეის ოფიციალური პირი

უკრაინის წინააღმდეგ ომში მოსკოვის მხარდასაჭერად ჩრდილოკორეელი სამხედროების გაგზავნის სანაცვლოდ, რუსეთმა ჩრდილოეთ კორეას საზენიტო რაკეტები და საჰაერო თავდაცვის აღჭურვილობა გადასცა. ამის შესახებ სამხრეთ კორეის ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველმა შინ ვონ-სიკმა განაცხადა, წერს Reuters-ი.  

კითხვას, რას მოიგებდა ფხენიანი რუსეთში თავისი ჯარების გაგზავნით, შინმა უპასუხა, რომ რუსეთმა ჩრდილოეთ კორეას ეკონომიკური და სამხედრო ტექნოლოგიური დახმარება გაუწია. 

„გასაგებია, რომ ჩრდილოეთ კორეას მიეწოდება შესაბამისი აღჭურვილობა და საზენიტო რაკეტები, რათა ფხენიანის სუსტი საჰაერო თავდაცვის სისტემა გაძლიერდეს“, - განუცხადა შინმა სამხრეთ კორეის მაუწყებელ SBS-ს.

მისივე თქმით, როგორც ჩანს, ფხენიანს მოსკოვმა სამხედრო ტექნოლოგიაც მიაწოდა მისი სატელიტური პროგრამის მხარდასაჭერად, მას შემდეგ, რაც ამ წლის დასაწყისში ჯაშუშური სატელიტის გაშვების მცდელობა წარუმატებელი აღმოჩნდა.

ცნობისთვის, სამხრეთ კორეის დაზვერვის ინფორმაციით, რუსეთის ფედერაციის კურსკის ოლქში ჩრდილოეთ კორეის 10 900-მდე სამხედრო მოსამსახურე იმყოფება. დაზვერვის თანახმად, ეს ძალები განლაგებული იყო რუსეთის საჰაერო-სადესანტო და საზღვაო ქვედანაყოფების შემადგენლობაში. ამ ქვედანაყოფებიდან ზოგიერთმა უკრაინის წინააღმდეგ საომარ მოქმედებებში უკვე მიიღო მონაწილეობა.