რუსეთმა ჩერკასის ოლქს დრონებით შეუტია, 117 000 მომხმარებელი გაზის გარეშე დარჩა, დაშავდა 6 ადამიანი - უკრაინული მედია

რუსეთმა ჩერკასის ოლქზე მასშტაბური საჰაერო იერიში მიიტანა. ოკუპანტებმა რეგიონს მოიერიშე დრონებთ შეუტიეს, რის შედეგადაც გაზის ინფრასტრუქტურის ობიექტი დაზიანდა. დაშავდა 6 ადამიანი. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
„ბოლო „შაჰედი“ [ადგილობრივი დროით] 12:30 საათზე ჩამოაგდეს. დაახლოებით 25 იყო. იყო დარტყმები. აფეთქებების ხმა გავიგეთ როგორც დაზიანებული, ან განადგურებული „შაჰედების“ ჩამოვარდნის შედეგად, ასევე ინფრასტრუქტურულ ობიექტებზე დარტყმების გამო. კერძოდ, დარტყმა მოხდა ერთ-ერთ კრიტიკულ ინფრასტრუქტურულ ობიექტზე - გაზის ტრანსპორტირების ქსელზე“, - განუცხადა „სუსპილნეს“ ჩერკასის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის უფროსმა იგორ ტაბურეცმა.
გაზის ინფრასტრუქტურის ობიექტზე იერიშის გამო, დაახლოებით 117 000 მომხმარებელი გაზის გარეშე დარჩა. ტაბურეცის თქმით, გაზმომარაგების აღდგენას დაახლოებით ორი-სამი დღე დასჭირდება.
მისივე ინფორმაციით, ნანგრევების ჩამოვარდნის შედეგად ექვსი ადამიანი დაშავდა. მათ მსუბუქი დაზიანებები აქვთ.