Loading data...
რუსეთმა აშშ-ის შეიარაღებული ძალების ყოფილი საზღვაო ქვეითი რობერტ გილმანი გაათავისუფლა

რუსეთმა აშშ-ის შეიარაღებული ძალების ყოფილი საზღვაო ქვეითი რობერტ გილმანი პატიმრობიდან გაათავისუფლა. ამის შესახებ შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა. ინფორმაციას Deutche Welle ავრცელებს.

„ჩემს და ვლადიმერ პუტინს შორის გამართული მოლაპარაკების შემდეგ რუსეთი მის გათავისუფლებას დათანხმდა - ეს არის ჰუმანიტარული გადაწყვეტილება. ჩვენ ამ გადაწყვეტილებას ვაფასებთ, რუსეთს სანაცვლოდ არაფერი მოუთხოვია. არანაირ გაცვლას ადგილი არ ჰქონია“, - განაცხადა ტრამპმა.

32 წლის გილმანი აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის თვითმფრინავით ვაშინგტონში, დალასის სახელობის აეროპორტში გადაიყვანეს, სადაც ის სამედიცინო და ფსიქოლოგიურ რეაბილიტაციას გაივლის.

სააგენტო Reuters-ის ცნობით, ვლადიმერ პუტინმა რობერტ გილმანის შეწყალების ბრძანებულებას ხელი მოაწერა ჰუმანიტარული მოსაზრებებიდან გამომდინარე.

რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის ცნობით, 2022 წლის 17 იანვარს რობერტ გილმანმა ნასვამ მდგომარეობაში მატარებლის ვაგონში დებოში მოაწყო და ის პოლიციამ დააკავა. მან ერთ-ერთ პოლიციელს ფეხი ჩაარტყა. გილმანის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა ხელისუფლების წარმომადგენლის წინააღმდეგ ძალადობის მუხლით. მას 4,5-წლიანი პატიმრობა ემუქრებოდა, მაგრამ დაცვის მხარის მიერ გასაჩივრების შემდეგ პატიმრობის ვადა 3.5 წლამდე შეამცირეს.