„რუსეთისთვის უკრაინის საზღვრები მხოლოდ ხაზია რუკაზე, ის არც ჩვენს საზღვრებს სცემს პატივს“ - ევროპული საბჭოს პრეზიდენტი

ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა ანტონიო კოშტამ განაცხადა, რომ ევროპას უნდა ჰქონდეს ყველა საშუალება სამხედრო აგრესიისგან თავის დასაცავად. ამის შესახებ Reuters-ი იტყობინება.
კოშტამ აღნიშნა, რომ მშვიდობა თავდაცვის გარეშე ილუზიაა.
„თუ რუსეთი მიიჩნევს, რომ უკრაინის საზღვრები მხოლოდ ხაზია რუკაზე, რატომ უნდა სცეს პატივი სხვა ქვეყნის საზღვრებს?“, - განაცხადა მან ბრიუსელში ევროპული პოლიტიკის ცენტრის ღონისძიებაზე.
ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა ნატოს ევროპული კომპონენტის გაძლიერებისკენ მოუწოდა.
„ახლა ნათელია, რომ ჩვენი ტრანსატლანტიკური ალიანსის დაცვის საუკეთესო გზა ნატოს ევროპული სვეტის გაძლიერებაა, რომ გავხდეთ უფრო ავტონომიური, უფრო სუვერენული, ნაკლებად დამოკიდებული სხვებზე, კერძოდ, შეერთებულ შტატებზე“, - განაცხადა მან.
როგორც Reuters-ი წერს, ევროპა მკვეთრად ზრდის თავდაცვის ხარჯებს იმის გამო, რომ შეერთებულ შტატებს, რომელიც უზრუნველყოფდა ევროპის უსაფრთხოებას მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, აღარ სურს ამის გაკეთება და ყურადღება ინდო-წყნარ ოკეანეში გადააქვს.