რუსეთის უსაფრთხოების სამსახური: რუსეთში „მიგ 31“-ის გატაცება სცადეს
რუსეთის უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის ცნობით, უკრაინამ და დიდმა ბრიტანეთმა რუსული ავიაგამანადგურებლის, „მიგ-31“-ის პილოტის გადაბირება სცადეს, რათა მისი გამოყენებით რუმინეთში, ნატოს ბაზაზე მასშტაბური პროვოკაცია მოეწყოთ. ინფორმაციას Deucthe Welle ავრცელებს.
მიგ-31 „კინჟალის“ ტიპის ფრთოსანი რაკეტით არის აღჭურვილი. რუსეთის სპეცსამსახურების ცნობით, უკრაინულმა სპეცსამსახურებმა რუსული თვითმფრინავის ნატოს ბაზისკენ გაგზავნა სცადეს, რომელიც რუმინეთის ქალაქ კონსტანცასთან მდებარეობს. იქ რუსული ავიაგამანადგურებელი ჰაერსაწინააღმდეგო საშუალებებს უნდა ჩამოეგდოთ. „მიგ-31“-ის გატაცება 2024 წლის 4 ნოემბერს უნდა მომხდარიყო.
რუსეთის უსაფრთხოების სამსახურში ასევე აცხადებენ, რომ ოპერაციაში საერთაშორისო საგამოძიებო ჯგუფი, Bellingcat-იც იყო ჩართული. 2024 წელს „მიგ 31“-ის მეთაურს Bellingcat-ის ჟურნალისტი სერგეი ლუგოვსკი დაუკავშირდა და საგამოძიებო მასალისთვის ინფორმაციის შეგროვებაში თანამშრომლობა შესთავაზა.
პილოტმა თანამშრომლობაზე უარი განაცხადა და ამის შემდეგ უცნობი პირი ავიაგამანადგურებლის შტურმანს დაუკავშირდა და მას თვითმფრინავის გატაცებისთვის ფული შესთავაზა. შტურმანს სთხოვეს, რომ მან ხომალდის მეთაურის ჟანგბადის ნიღაბს შხამი წაუსვას და შემდეგ თვითმფრინავი ოდესისა და რუმინეთში მდებარე ნატოს ბაზისკენ გაუშვას.
„მიგ-31“-ის გატაცების მცდელობის შესახებ დამოუკიდებელი წყაროებიდან მტკიცებულება არ არსებობს. არც უკრაინას, არც დიდ ბრიტანეთს ამ ინფორმაციაზე კომენტარი არ გაუკეთებიათ.