Loading data...
რუსეთის სახელმწიფო სათათბირომ მიიღო კანონში შესწორებები, რომლებიც უშიშროების სამსახურს ნებისმიერ რეგიონში კავშირის გათიშვის უფლებას აძლევს

რუსეთის სახელმწიფო სათათბირომ მეორე და მესამე მოსმენით მიიღო შესწორებები კანონში „კავშირის შესახებ“, რომელიც უშიშროების ფედერალურ სამსახურს ნებისმიერ დროს და რუსეთის ნებისმიერ რეგიონში კავშირის ყველა ფორმის გათიშვის უფლებას აძლევს. ამის შესახებ „ეხო კავკაზა“ იუწყება.

კანონის მიხედვით, კავშირგაბმულობის ოპერატორებმა უნდა გათიშონ კავშირი უშიშროების ფედერალური სამსახურის მოთხოვნის შესაბამისად, რომლებიც რუსეთის პრეზიდენტის სამართლებრივი აქტებით არის დადგენილი.

თავდაპირველად კანონში ჩაწერილი იყო ნორმა, რომლის მიხედვით უშიშროების ფედერალურ სამსახურს ექნებოდა კავშირის დაბლოკვის განაცხადის გაკეთების შესაძლებლობა „მოქალაქეთა უფლებების დაცვისა“ და „სახელმწიფო უშიშროებისთვის დაწესებული საფრთხის დროს“, მაგრამ მეორე მოსმენისთვის „განაცხადი“ შეცვალეს „მოთხოვნით“, ხოლო „მოქალაქეთა უფლებების დაცვის“ და „სახელმწიფო უშიშროებისთვის საფრთხის“ პუნქტები საერთოდ ამოიღეს.

აღნიშნული კანონპროექტი რუსეთს სახელმწიფო სათათბიროში 2025 წლის ნოემბერში იყო შეტანილი. როგორც დამოუკიდებელ იურისტებს მიაჩნიათ, კანონის მიღების შემდეგ კავშირის დაბლოკვა შესაძლოა ყოველგვარი არგუმენტისა და გაფრთხილების გარეშე მოხდეს და ამ მხრივ ძირითადი უფლებამოსილება პრეზიდენტს ეძლევა, რადგანაც სწორედ ის გადაწყვეტს, თუ როდის არის აუცილებელი კავშირის გათიშვა.