რუსეთის სახელმწიფო დუმაში აცხადებენ, რომ ალა პუგაჩოვა რუსეთში დავიწყებას მიეცა

რუსეთის სახელმწიფო დუმაში ცნობილი რუსი მომღერლის ალა პუგაჩოვას ინტერვიუს გამოეხმაურნენ.
სახელმწიფო დუმის დეპუტატმა დიმიტრი პევცოვმა რუსულ მედიასთან საუბრისას თქვა, რომ „ალა პუგაჩოვა რუსეთში დავიწყებას მიეცა“.
„მისი ინტერვიუ არ მინახავს, ბევრად უფრო საინტერესო საქმეები მაქვს გასაკეთებელი. ჩემი აზრით, ეს ქალი დიდი ხანია დავიწყებულია. ვინც მას პატივს სცემდა, იმ ხალხმაც კი შეწყვიტა პუგაჩოვას პატივისცემა“, - აღნიშნა დეპუტატმა.
ინფორმაციისთვის, ჩეჩნეთის ლიდერმა რამზან კადიროვმა გამოაქვეყნა პოსტი, რომელშიც ცნობილ მომღერალს ალა პუგაჩოვას ხალხის მტერი და მოღალატე უწოდა.
პუგაჩოვამ ჩეჩნეთის ყოფილ პრეზიდენტს ჯოხარ დუდაევს „წესიერი, ინტელიგენტი, ლამაზი ადამიანი“ უწოდა. კადიროვის აზრით, პუგაჩოვა უაზროდ საუბრობს ჩეჩენი ხალხის ყველაზე რთული პერიოდის შესახებ. რამზან კადიროვი ამბობს, რომ ჯოხარ დუდაევს ჩეჩენი ხალხის პრობლემები ფეხებზე ეკიდა და ამბობს, რომ 1994 წელს ჩეჩნეთში ომი „პუგაჩოვას მსგავსმა მოღალატეებმა დაიწყეს, როგორიც იყო ბორის ბერეზოვსკი“.
ალა პუგაჩოვამ ასევე განაცხადა, რომ ყოველთვის მიაჩნდა, რომ ომის დაწყება - შეცდომაა. პუგაჩოვამ ასევე თქვა, რომ იძულებული იყო რუსეთი დაეტოვებინა მას შემდეგ, რაც მისი ქმარი, მაქსიმ გალკინი, „უცხოურ აგენტად“ გამოაცხადეს.
პუგაჩოვას ინტერვიუ 10 სექტემბერს გავიდა ეთერში.