Loading data...
რუსეთის სახელმწიფო დუმამ პირველი მოსმენით Child-free-ს პროპაგანდის ამკრძალავი კანონი მიიღო

რუსეთის სახელმწიფო დუმამ პირველი მოსმენით დაამტკიცა საკანონმდებლო კანონპროექტი, რომელიც Child free-ს პროპაგანდას კრძალავს. შესაბამისი შესწორებები პირველი მოსმენით 6 ფედერალურ კანონში შევიდა. ამის შესახებ Deutche Welle იუწყება.

მანამდე დუმამ დაამტკიცა კანონები, რომლებიც პედოფილიის, ლგბტ და სქესის შეცვლის პროპაგანდას კრძალავს.

როგორც რუსეთის სახელმწიფო დუმის თავმჯდომარემ ვიაჩესლავ ვოლოდინმა განაცხადა, ეს ფაქტი მიუთითებს, რომ რუსეთში იქმნება ერთიანი სამართლებრივი სივრცე ტრადიციული ფასეულობების დასაცავად. მისი თქმით, ხელისუფლება ცდილობს, რომ მოსახლეობას აარიდოს ბავშვების გაჩენაზე უარის თქმის პროპაგანდა ინტერნეტში, მედიაში, კინოფილმებში და რეკლამაში.

Child-free-ს პროპაგანდისთვის დაწესებულია ჯარიმა - ფიზიკური პირებისთვის 400 000 რუბლი (4 100 აშშ დოლარი), თანამდებობის პირებისთვის 800 000 რუბლი (8 200 აშშ დოლარი) და იურიდიული პირებისთვის - 5 მლნ რუბლი (51 ათასი აშშ დოლარი).

კანონპროექტი სახელმწიფო დუმაში რუსეთის ფედერაციის საბჭოს თავმჯდომარის, ვალენტინა მატვიენკოს ინიციატივით შეიტანეს. მიმდინარე წლის ივნისში რუსეთის იუსტიციის მინისტრის მოადგილემ ვსევოლოდ ვუკოლოვმა განაცხადა, რომ Child-free-ს მოძრაობა რუსეთში ექსტრემისტულად უნდა იყოს გამოცხადებული „საერთაშორისო ლგბტ მოძრაობის“ მსგავსად.