რუსეთის საგარეო უწყება: ვაშინგტონს მოსკოვის პოზიციის ესმის, ჯერ მოგზაურობის დასაწყისში ვართ

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერის, მარია ზახაროვას განცხადებით, ვაშინგტონს ესმის მოსკოვის პოზიცია უამრავ ძირითად საკითხთან მიმართებით. ამის შესახებ ზახაროვამ ბრიფინგზე განაცხადა.
„რუსეთი აგრძელებს ამერიკულ მხარესთან კონტაქტების შენარჩუნებას, თავის მხრივ ვაშინგტონს ესმის მოსკოვის პოზიცია უამრავ ძირითად საკითხთან, მათ შორის უკრაინის კონფლიქტთან დაკავშირებით. ვხედავთ, რომ მათ ესმით რიგი მნიშვნელოვანი საკითხები“, - აცხადებს ზახაროვა.
მისივე თქმით, აშშ-ის ამჟამინდელი ადმინისტრაცია, წინამორბედთან შედარებით არ ეყრდნობა გლობალისტების ან მათ მიერ მიკერძოებული ექსპერტების მოსაზრებებს და ცდილობს გაიგოს დეტალები, თავად პრობლემის არსი, რათა ჰქონდეს საკუთარი აზრი სიტუაციის შესახებ.
„ეს ყველაფერი მოითხოვს მოთმინებას, დროს და რა თქმა უნდა, ფაქტების შესწავლაზე დაფუძნებულ საგულდაგულოდ გააზრებულ მიდგომას. ჩვენ ვხედავთ, როგორ ავლენს დღევანდელი ადმინისტრაცია დასახული მიზნის მიღწევის გადაწყვეტილებას. ბუნებრივია, ჩვენ მხოლოდ მოგზაურობის დასაწყისში ვართ. ჯერჯერობით, მხოლოდ, პირველი ნაბიჯებია გადადგმული“, - აცხადებს ზახაროვა.