Loading data...
რუსეთის ქალაქ ყაზანში „ბრიქსის“ სამიტი დაიწყო

ყაზანში რუსეთის თავმჯდომარეობით BRICS-ის სამდღიანი სამიტი  დაიწყო. აღნიშნულის შესახებ „მედუზა“ იტყობინება. 

როგორც „მედუზა“ წერს, გარდა ბრაზილიის პრეზიდენტისა, BRICS-ში შემავალი სახელმწიფოს თითქმის ყველა მეთაური ესწრება სამიტს. 

ღონისძიებას ასევე ესწრებიან რუსეთისთვის „მეგობრული“ ქვეყნების ლიდერები, რომლებიც მიისწრაფვიან BRICS-ში გაწევრიანებისკენ. 

„ყაზანის სამიტი იქნება რუსეთში მსოფლიო ლიდერების ყველაზე მასშტაბური შეხვედრა 2022 წლის თებერვალში უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ“,  - წერს CNN-ი. 

დასავლური მედია აღნიშნავს, რომ ვლადიმერ პუტინი ცდილობს ახალი წევრების მოზიდვას BRICS-ში. პუტინი ასევე ცდილობს დაანახოს შეერთებულ შტატებსა და მის მოკავშირეებს, რომ რუსეთი შორს არის იზოლაციისგან. 

პუტინი აპირებს ცალ-ცალკე შეხვედრების გამართვას BRICS-ის წევრი ქვეყნების ყველა ლიდერთან, მაგრამ ასევე მათთან, ვინც ჯერ არ არის ჯგუფის წევრი - კერძოდ, თურქეთის პრეზიდენტ, რეჯეფ თაიფ ერდოღანთან.

გარდა ამისა, დაგეგმილია პუტინის შეხვედრა პალესტინის, ლაოსის, მავრიტანიის, ბოლივიის პრეზიდენტებთან, ასევე გაეროს გენერალურ მდივანთან და ვიეტნამის პრემიერ-მინისტრთან.

რუსეთი წელს BRICS-ს თავმჯდომარეობს. ვლადიმერ პუტინის თანაშემწის, იური უშაკოვის განცხადებით, ყაზანის სამიტს 36 სახელმწიფო და ექვსი საერთაშორისო ორგანიზაციის დელეგაცია დაესწრება.

კრემლის სპიკერი დიმიტრი პესკოვი აცხადებს, რომ თანამშრომლობა BRICS-ის ფარგლებში „არ არის მიმართული ვინმეს და არაფრის წინააღმდეგ - არც დოლარის და არც სხვა ვალუტების მიმართ.“

ინფორმაციისთვის, 2006 წელს ბრაზილიამ, რუსეთმა, ინდოეთმა და ჩინეთმა შექმნეს ჯგუფი „ბრიკი“, რომელსაც 2012 წელს სამხრეთ აფრიკაც შეუერთდა და სახელი „ბრიკსად“ გადაკეთდა.

მიზანი - მსოფლიოს ყველაზე დიდ განვითარებადი ქვეყნების გაერთიანება იყო, რომელიც ევროპისა და ჩრდილოეთ ამერიკის მდიდარი სახელმწიფოების მხრიდან მომავალ გამოწვევებს უპასუხებდა. მოგვიანებით ჯგუფს ეგვიპტე, ეთიოპია, ირანი და არაბთა გაერთიანებული საამიროები შეუერთდნენ.

„ბრიკსის“ ქვეყნებმა ჩამოაყალიბეს ახალი განვითარების ბანკიც, რომელიც განვითარებდი ქვეყნებისთვის გასცემს სესხებს.

„ბრიკსის“ ქვეყნები ერთმანეთთან ვაჭრობისთვის ძირითადად ამერიკულ დოლარს იყენებენ, ამიტომ ბრაზილიისა და რუსეთის პოლიტიკოსებმა წამოაყენეს წინადადება, რომ შექმნილიყო ბრიქსის ვალუტა, რათა შემცირებულიყო დოლარის დომინირება.