რუსეთის იერიშების შედეგად უკრაინაში არიან დაღუპულები, დაზიანებულია სარკინიგზო ინფრასტრუქტურა
რუსეთის მიერ ჩერნიგოვის ოლქის ქალაქ ნიჟინში მდებარე საწარმოზე განხორციელებული დარტყმის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა. კიდევ ოთხი ადამიანი დაშავდა. ნანგრევების ქვეშ შესაძლოა ადამიანები იმყოფებოდნენ. ამის შესახებ ქალაქის მერმა ალექსანდრე კოდოლამ განაცხადა. დარტყმის ადგილზე სამაშველო სამსახურები მუშაობენ. ინფორმაციას Deutche Welle ავრცელებს.
გარდა ამისა, რუსეთმა ჩერნიგოვს უპილოტო საფრენი აპარატებით შეუტია. დაიღუპა ერთი ადამიანი — 40 წლის მამაკაცი, დაშავდა ქალი.
უკრაინის საჰაერო ძალების ინფორმაციით, 27 ნოემბრის ღამეს რუსეთმა ქვეყნის მიმართულებით 155 დრონი გაუშვა, რომელთაგან 83 რეაქტიული ტიპის იყო. უკრაინის შეიარაღებული ძალების განცხადებით, მათმა ქვედანაყოფებმა რუსეთის 110 უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდეს.
უკრაინის პრემიერ-მინისტრის სერგეი კორეცკის ინფორმაციით, დნეპროპეტროვსკის ოლქში დარტყმის სამიზნე გახდა სარკინიგზო სადგურები კრივოი როგსა და კამენსკოეში, ასევე ორი ქვანახშირის მაღარო. დაზიანებულია თბომავლები. ვინიცისა და კიროვოგრადის ოლქებში რუსეთის დარტყმების სამიზნე ელექტროქვესადგურები გახდა, მათ შორის ენერგეტიკული ობიექტები, რომლებიც სარკინიგზო ინფრასტრუქტურის მუშაობას უზრუნველყოფენ.
ზაპოროჟიეს, კიევისა და ნიკოლაევის ოლქებში დარტყმები საწარმოო და სასაწყობე შენობებზე განხორციელდა. ხარკოვის ოლქის ქალაქ იზიუმში დრონებით შეტევის შედეგად მრავალბინიან საცხოვრებელ სახლში ხანძარი გაჩნდა, დაშავდა ხუთი ადამიანი. ოდესის ოლქში კერძო სახლი დაზიანდა, სუმის ოლქში კი — საერთო საცხოვრებელი და საცხოვრებელი სახლი.