რუსეთის ერთ-ერთი სამთავრობო თვითმფრინავი ვნუკოვოდან ანკორიჯის საერთაშორისო აეროპორტში დაეშვა

„სპეციალური რეისი IL-96 ვნუკოვოდან აფრინდა და ალასკაში, ანკორიჯის საერთაშორისო აეროპორტში, უკვე, დაეშვა“, - წერს რუსული მედია და აღნიშნავს, რომ თვითმფრინავი დანიშნულების ადგილას, თბილისის დროით, 17:48 საათზე ჩაფრინდა. მოგვიანებით, ალასკაში კიდევ ერთი, რუსული სამთავრობო თვითმფრინავი დაეშვა. სავარაუდოდ, პირველ რეისზე ჟურნალისტები, ხოლო მეორეზე - საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი და რუსეთის დელეგაციის წევრები იმყოფებიან.
როგორც მედია წერს, დონალდ ტრამპი და ვლადიმერ პუტინი, პარასკევს, 15 აგვისტოს, თბილისის დროით, 22:30 საათზე შეხვდებიან. სამიტი ელმენდორფ-რიჩარდსონის სამხედრო ბაზაზე გაიმართება.
თავდაპირველად, პოლიტიკოსები პირისპირ ისაუბრებენ, შემდეგ კი - დელეგაციების მონაწილეობით. მოგვიანებით, მოლაპარაკებები საუზმის ფარგლებში გაგრძელდება.
შეხვედრის მთავარი თემა უკრაინის კონფლიქტის მოგვარება იქნება. მხარეები, ასევე, ვაშინგტონსა და მოსკოვს შორის თანამშრომლობის შესახებ გაცვლიან მოსაზრებებს.
„სახელმწიფოს მეთაურები მშვიდობისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფის ამოცანებს განიხილავენ, ასევე, განხილული იქნება საერთაშორისო და რეგიონული დღის წესრიგი“, - იწერება მედიაში.
როგორც ჩანს, შეხვედრისას დოკუმენტების ხელმოწერა მოსალოდნელი არ არის. ლიდერები მიღწეულ შეთანხმებებზე ერთობლივ პრესკონფერენციაზე ისაუბრებენ.