Loading data...
რუსეთის ერთ-ერთ რეგიონში გზაზე 85 კმ-იანი საცობი შეიქმნა

რუსეთში, „ბაიკალის“ ავტომაგისტრალზე 85 კილომეტრის სიგრძის საცობი შეიქმნა. მანქანები საცობში 9 საათის განმავლობაში იდგნენ. მდგომარეობას ისიც ართულებს, რომ ტემპერატურა -18 გრადუსს შეადგენს. ინფორმაციას „მედუზა“ ავრცელებს.

საცობი სატვირთო ავტომობილების მიერ მოძრაობის წესების დარღვევით იყო გამოწვეული. უზარმაზარი სატვირთოები გზის პირას გააჩერეს. ამან გადაადგილება შეზღუდა და გზის გასაწმენდად ადგილზე მისული ტექნიკის მუშაობა შეაფერხა.

„მედუზას“ ცნობით, საცობი ირკუტსკის ოლქის კულტუკის დასახლებასთან იწყებოდა და ბურიატიის რესპუბლიკის დასახლება ვიდრინომდე გრძელდებოდა. მოძრაობა შეფერხებული იყო ძლიერი თოვის, ყინვისა და ქარის გამო.

მძღოლები წერენ, რომ ტრასაზე შექმნილი მდგომარეობა „გზაზე აპოკალიფსს“ მოაგონებდა.

როგორც ირკუტსკის ოლქის გუბერნატორმა, იგორ კობზევმა დაწერა, ამჟამად მოძრაობა ორივე მიმართულებით აღდგენილია. „მძღოლებისთვის და მგზავრებისთვის კვების პუნქტები გაიხსნა“, - განაცხადა კობზევმა.

ადგილობრივი ტელეგრამ-არხები წერენ, რომ ზამთარში, ცუდ ამინდში ამ მონაკვეთზე მრავალკილომეტრიანი საცობები ყოველ წელს იქმნება.