Loading data...
რუსეთი უკრაინაზე მძლავრ დარტყმას ამზადებს, რათა ის გაყინოს და ჩააბნელოს - The New York Times

უკრაინა ევროპელ პარტნიორებს რამდენიმე თვის განმავლობაში აფრთხილებდა, რომ რუსეთი მიმდინარე ზამთარში უკრაინის მსხვილ ქალაქებში ელექტროენერგიის, გათბობის და წყლის მიწოდების გათიშვას შეეცდება. უკრაინის ხელისუფლება მოსახლეობას აფრთხილებდა, რომ მიმდინარე ზამთარი შეიძლება ომის მთელი პერიოდის განმავლობაში ყველა მძიმე იყოს. ამის შესახებ სტატიას The New York Times ავრცელებს.

უკრაინის ენერგეტიკის გასანადგურებლად  რუსეთი სულ უფრო მძლავრ შეიარაღებას გამოიყენებს. უკრაინაში ელოდებოდნენ, რომ პირველ მასშტაბურ იერიშებს რუსეთი უკრაინაზე შემოდგომის ბოლოს, სიცივეების დაწყებისას განახორციელებს.

მაგრამ რუსეთმა ენერგეტიკაზე მძლავრი იერიშები უფრო ადრე დაიწყო. 30 სექტემბერს თბოელექტროსადგურებზე და ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის სხვა ობიექტებზე რუსეთმა რაკეტებით და დრონებით იერიშები განახორციელა. ამის გამო კიევის რამდენიმე რაიონში ელექტროენერგიის და წყლის მიწოდება შეწყდა.

უკრაინის ოფიციალური პირები ამბობენ, რომ ეს ახალი კამპანიის დასაწყისია, რომლის მიზანია უკრაინის ქალაქების გაყინვა და ჩაბნელება, ხოლო საბოლოო ამოცანა - მოსახლეობის მორალური სულისკვეთების დაცემა და სამხედრო ძალისხმევის შემცირებაა. რუსეთი მსგავს კამპანიებს ყოველწლიურად ატარებდა, მაგრამ ახლა მას იმდენი ბალისტიკური რაკეტა და რეაქტიული დრონი აქვს, რომ მათი განადგურება უკრაინას არ შეუძლია.

რუსული შეტევების მასშტაბებზე უკრაინის ენერგეტიკის მინისტრის, დენის შმიგალის მიერ პარიზში, ევროპელი პარტნიორებისთვის წარმოდგენილი დოკუმენტი მიუთითებს. მისი ასლი The New York Times-ის განკარგულებაში აღმოჩნდა. შმიგალი წერს, რომ საჰაერო იერიშების დროს რუსეთი 1000-მდე რაკეტის, დრონის და ავიაბომბის გამოყენებას აპირებს. სამიზნეები უნდა გახდეს ელექტროქვესადგურები, ჰიდროელექტროსადგურები, თბოელექტროსადგდურები და საქვაბეები.

განსაკუთრებულ შეშფოთებას იწვევს ის ინფორმაცია, რომ რუსეთი გეგმავს აიძულოს უკრაინა, რომ გააჩეროს სამი მოქმედი ატომური ელექტროსადგურის მუშაობა. ამისთვის კი დენის გამანაწილებელ მოწყობილობებზე იერიშებს განახორციელებს, რომლებიც ამ ელექტროსადგურებს დანარჩენ ენერგოსისტემასთან აკავშირებს. ეს მოწყობილობები ატომურ რეაქტორებთან დაახლოებით 1,5 კმ-ში მდებარეობს.

შმიგალის დოკუმენტის მიხედვით, მოსკოვი ასევე უკრაინის წყალმომარაგების სისტემაზე შეტევებს აპირებს. მათ შორის არის სატუმბი სადგურები და გამდინარე წყლის საფილტრი სადგურები. ამისთვის ათობით ბალისტიკური რაკეტა და ავიაბომბები იქნება გამოყენებული. აქამდე რუსეთს ამ ტიპის ობიექტებზე მასირებული იერიშები არ განუხორციელებია. უკრაინის ოფიციალური პირები შეშფოთებულები არიან, რადგანაც წყალმომარაგების შეფერხების შემთხვევაში უკრაინაში სარეზერვო ქსელები შეზღუდულია.

ძირითად მიზნებს შორის კიევი, ხარკოვი და ოდესაა დასახელებული. ელექტროენერგიის, გათბობის და წყლის გათიშვას იქ შეიძლება ჰუმანიტარული კრიზისი მოჰყვეს. რუსეთის გეგმის მიხედვით, ამ ქალაქების ელექტრომომარაგების 90% მწყობრიდან უნდა იყოს გამოყვანილი, 90%-ით შემცირდეს თბომომარაგება და კანალიზაციის მუშაობა სერიოზულად იყოს შეფერხებული,

The New York Times-ს ამ დოკუმენტის გადამოწმების შესაძლებლობა არ ჰქონდა, მაგრამ გამოცემა წერს, რომ ვლადიმერ პუტინმა ღიად განაცხადა, რომ რუსეთი მიმდინარე ზამთარში უკრაინის ენერგეტიკული სისტემის მწყობრიდან გამოსაყვანად მასშტაბურ კამპანიას ჩაატარებს. პუტინის თქმით, ეს იქნება რუსეთის ენერგეტიკულ ობიექტებზე უკრაინის საჰაერო იერიშებზე საპასუხო დარტყმები.

ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში უკრაინაც ემზადება ზამთრისთვის. მან კრიტიკულად მნიშვნელოვან ობიექტებზე დამცავი ნაგებობები ააშენა. პირველ რიგში ეს ქვესადგურებს ეხება, რომლებიც ელექტროენერგიას მთელ ქვეყანაში ანაწილებენ. მოსახლეობა იმარაგებს აკუმულატორებს და გაზის ავტონომიურ გამათბობლებს.

უკრაინის ხელისუფლებამ ელექტროქვესადგურების რემონტში ასობით მილიონი დოლარი დახარჯა, ასევე მან მცირე ზომის ენერგეტიკული ობიექტები ააგო, როგორებიცაა მცირე ზომის გაზის ტურბინები, რომელთა განადგურება საკმაოდ რთულია. ასევე მნიშვნელოვანი თანხები ჩაიდო ენერგოსისტემის მდგრადობის უზრუნველყოფაში, რათა  გადამცემი ხაზის დაზიანების შემთხვევაში ელექტროენერგიის მიწოდების გადანაწილების შესაძლებლობა არსებობდეს.

ენერგეტიკის ექსპერტები ამბობენ, რომ ამ ზომებს მოსალოდნელი დარტყმების შემსუბუქება შეუძლია, მაგრამ  საბოლოოდ მათ შედეგებს თავიდან ვერ აიცილებს. უკრაინის ანალიტიკური ცენტრის, DiXi Group-ის ხელმძღვანელი ელენა პავლენკო ამბობს, რომ ოთხი ზამთრის განმავლობაში უკრაინის ენერგეტიკული სისტემა იმდენად დასუსტდა, რომ კიდევ ერთი ზამთრის გადატანა იგივეა, რაც მარათონული დისტანციის გარბენა ერთი ფილტვით.

DTEK-ის — ქვეყნის უმსხვილესი კერძო ენერგეტიკული კომპანიისა და უკრაინის დედაქალაქის ელექტრომომარაგების ოპერატორის მიერ მოწოდებული მონაცემების თანახმად, ელექტროენერგიისა და თბომომარაგების ობიექტებზე რუსეთის არაერთი დარტყმის ფონზე, კიევის მოსახლეობა ბოლო თვეებში რეგულარულად რჩებოდა ელექტროენერგიის გარეშე დღეში 12 ან მეტი საათის განმავლობაში.

აგვისტოში უკრაინის პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას ენერგეტიკის მინისტრი დენის შმიგალი დარწმუნებული იყო, რომ უკრაინა ზამთარს კარგად მომზადებული შეხვდებოდა. მისი თქმით, ქვეყანას დაახლოებით 15 გიგავატი ხელმისაწვდომი სიმძლავრე ჰქონდა და ელოდა, რომ წლის ბოლოსთვის ეს მაჩვენებელი 21 გიგავატამდე გაიზრდებოდა. ეს საკმარისი უნდა ყოფილიყო პიკური მოთხოვნის დასაფარავად, რომელიც გასულ ზამთარში დაახლოებით 18 გიგავატს შეადგენდა.

თუმცა, შმიგალის პროგნოზებში არ იყო გათვალისწინებული ისეთი შეტევები, როგორიც 30 სექტემბერს განხორციელდა და რომელსაც შეუძლია თვეების განმავლობაში ჩატარებული სარემონტო სამუშაოების შედეგების წყალში გადაყრა. კვლევითი ჯგუფის Ukraine Facility Platform-ის ენერგეტიკის ანალიტიკოსმა მარია ცატურიანმა განაცხადა, რომ უკრაინის მიერ ბოლო თვეებში აღდგენილი 5 გიგავატი სიმძლავრის მწყობრიდან გამოსაყვანად, შესაძლოა, მხოლოდ რამდენიმე საჰაერო იერიში იყოს საკმარისი. ენერგოსისტემის მოწყვლადობის დასტურად მან ოთხშაბათის დარტყმის შემდეგ ელექტროენერგიის გათიშვები დაასახელა.

როგორც ჩანს, რუსეთის მიერ შემუშავებული გეგმა უკრაინის ისედაც დასუსტებული ენერგოსისტემის ჩამოშლის მიზნით არის შემუშავებული - წერს The New York Times.

გეგმაში თავდასხმების სამი ეტაპია გათვალისწინებული. პირველი ეტაპი ითვალისწინებს უკრაინის დასავლეთ საზღვრებთან მდებარე ქვესადგურების განადგურებას, რომელთა საშუალებითაც ქვეყანა ევროპიდან ელექტროენერგიას იღებს. მეორე ეტაპზე მწყობრიდან ჰიდროელექტროსადგურები უნდა გამოვიდეს. მესამე ეტაპი ითვალისწინებს უკრაინაში მოქმედი სამი ატომური ელექტროსადგურის გათიშვას. (მეოთხე ატომური ელექტროსადგური, რომელიც სამხრეთ უკრაინაში, ქალაქ ზაპოროჟიესთან მდებარეობს, ომის დასაწყისში რუსეთის ძალებმა დაიკავეს და ის არ ფუნქციონირებს.)

დოკუმენტის თანახმად, თავდასხმების მიზანია თითქმის 15 გიგავატი გენერაციის სიმძლავრის მწყობრიდან გამოყვანა — დაახლოებით იმდენი სიმძლავრის, რისი გამომუშავებაც უკრაინაში ზაფხულის ბოლოს ხდებოდა.