რუსეთი თებერვლიდან, თურქეთის გავლით დნესტრისპირეთისთვის გაზის მისაწოდებლად ემზადება - რუსული მედია
რუსული გაზი დნესტრისპირეთში, დიდი ალბათობით, 1-ელი თებერვლიდან თურქეთის გავლით შევა. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.
როგორც რუსული გამოცემა „კომერსანტი“ წერს, ამისთვის, უკვე მზად არის გაზსადენი „თურქული ნაკადი“.
ინფორმაციის თანახმად, 20 იანვარს კვიპროსულმა კომპანია Ozbor Enterprises-მა გაზსადენის მონაკვეთი დაჯავშნა.
გამოცემის წყაროების მტკიცებით, არაღიარებული რესპუბლიკისთვის რუსული გაზის მიწოდების სხვადასხვა შესაძლებლობა განიხილება და დღეისთვის, პრიორიტეტული ვარიანტი თურქეთის გავლით ტრანზიტია.
„თუ ეს სცენარი განხორციელდება, მიწოდებული გაზის ღირებულება 160 მილიონ დოლარის რაოდენობის იქნება“, - წერს „კომერსანტი“.
როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, დნესტრისპირეთში რუსული გაზის უკმარისობის გამო, საცხოვრებელ კორპუსებს გათიშული აქვს ცენტრალური გათბობა და ცხელი წყალი, მასობრივად ითიშება ელექტროენერგია და დახურულია პრაქტიკულად ყველა სამრეწველო საწარმო.