რუსეთი სომხეთს მოუწოდებს, სომხეთის ევროკავშირში გაწევრიანების საკითხზე რეფერენდუმი 2026 წლის დეკემბრამდე ჩაატაროს
რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა სამინისტრო სომხეთს მოუწოდებს, ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების საკითხზე რეფერენდუმი 2026 წლის დეკემბრამდე ჩაატაროს. ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ მიხაილ გალუზინმა რუსეთის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო „იტარ ტასისთვის“ მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.
მიხაილ გალუზინის თქმით, სომხეთმა ეროვნული რეფერენდუმის ჩატარების გადაწყვეტილება უნდა მიიღოს 2026 წლის დეკემბრამდე, ვიდრე ევრაზიული ეკონომიკური კავშირის წევრი ქვეყნების ლიდერები შეხვედრაზე ერევნის მიმართ შესაძლო შემდგომ ნაბიჯებს განიხილავენ.
„აშკარაა, რომ ამ დროისთვის რეფერენდუმის ჩატარების მოწოდებას ერევანში თუ არ შეისმენენ, ლიდერები ამ ფაქტს გაითვალისწინებენ შესაბამისი შემდგომი ერთობლივი ნაბიჯების განსაზღვრისას“, – განაცხადა გალუზინმა.
გალუზინმა გაიხსენა რუსეთის, ბელარუსის, ყაზახეთისა და ყირგიზეთის პრეზიდენტების 29 მაისის ერთობლივი განცხადება, რომელშიც სომხეთის ევროპულ მისწრაფებებთან დაკავშირებით ნათქვამია, რომ ქვეყანაში უმოკლეს ვადაში უნდა ჩატარდეს რეფერენდუმი ევროკავშირში გაწევრიანების ან ევრაზიული ეკონომიკური კავშირის შემადგენლობაში დარჩენის საკითხზე.
„ამ საკითხზე კვლავ იმსჯელებენ ევრაზიის უმაღლესი ეკონომიკური საბჭოს დეკემბრის სხდომაზე, როდესაც სახელმწიფოების ლიდერებს უნდა წარედგინოთ მოხსენება სომხეთის მიმართ 2014 წლის 29 მაისის ევრაზიული ეკონომიკური კავშირის შესახებ ხელშეკრულების მოქმედების შეჩერების შესაძლო შედეგების თაობაზე“, – აცხადებს გალუზინი.