Loading data...
რუსეთი საქართველოსთან ურთიერთობების ნორმალიზებას დიპლომატიური კავშირების გარეშეც გააგრძელებს

საქართველოსთან დიპლომატიური კავშირების არარსებობის პირობებშიც მოსკოვი თბილისთან ურთიერთობების ნორმალიზებას მაინც გააგრძელებს. ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ მიხეილ გალუზინმა განაცხადა. ინფორმაციას „ეხო კავკაზა“ ავრცელებს.

„რაც შეეხება მოსკოვსა და თბილისს შორის დიპლომატიურ ურთიერთობებს, ის, როგორც ცნობილია, 2008 წელს მიხეილ სააკაშვილის რეჟიმის ინიციატივით გაწყდა. მათი განახლების შესაძლებლობას თან სდევს გარკვეული პოლიტიკური მოთხოვნები, რაც რეგიონში ახალ რეალობებს ეწინააღმდეგება. ჩვენ, დიპლომატიური ურთიერთობების არარსებობის მიუხედავად, მომავალშიც საქართველოსთან ურთიერთობების ნორმალიზებას ხელს შევუწყობთ“, - განაცხადა გალუზინმა.

მან ასევე აღნიშნა, რომ საქართველოსა და რუსეთს შორის სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობებში დადებითი დინამიკა შეინიშნება.

„საქართველოს ხელისუფლების პრაგმატული ხაზის წყალობით ორ ქვეყანას შორის საკმაოდ რთული პერიოდი იყო გადალახული, რაც 2019 წელს ქართველი რადიკალების ცნობილი პროვოკაციით იყო გამოწვეული. 2020 წლიდან მოქმედი სავიზო რეჟიმი შარშან გაუქმდა, ასევე ორ ქვეყანას შორის ავიამიმოსვლა აღდგა“, - განაცხადა ლავროვის მოადგილემ.

გალუზინის თქმით, იზრდება პირდაპირი ავიარეისების რაოდენობა საქართველოსა და რუსეთს შორის. ერთი ქართული ავიაკომპანია კვირაში 60 რეისზე მეტს ახორციელებს.