Loading data...
რუსეთი დიდ ბრიტანეთს უკრაინისთვის დრონების მიწოდების გამო დაემუქრა

რუსეთმა დიდი ბრიტანეთი „ვითარების განზრახ ესკალაციის მცდელობაში“ დაადანაშაულა მას შემდეგ, რაც მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ რუსეთში სამიზნეებზე დარტყმებისთვის უკრაინამ ბრიტანული წარმოების დრონები გამოიყენა. ამის შესახებ განცხადებას დიდ ბრიტანეთში რუსეთის საელჩო ავრცელებს.

საელჩოს განცხადებით, უკრაინის მიერ რუსეთის ტერიტორიაზე ბრიტანული დრონების გამოყენების შესახებ ცნობები „ადასტურებს, რომ ლონდონი განზრახ ცდილობს უკრაინის კრიზისის ესკალაციას მაშინ, როდესაც თვალთმაქცურად აცხადებს, რომ მშვიდობისკენ ისწრაფვის“.

„ლონდონის ქმედებებს გარდაუვალად მოჰყვება შედეგები, რისთვისაც მას მოუწევს პასუხის გაცემა. რაც უფრო ღრმადაა ის ჩართული კონფლიქტში და რაც უფრო მეტად უჭერს მხარს კიევის ტერორისტულ მანქანას, მით უფრო მაღალ ფასს გადაიხდის“, - ნათქვამია განცხადებაში.

საპასუხოდ დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელმა BBC-ს განუცხადა, რომ დიდი ბრიტანეთი უკრაინის გვერდით დგას.

„რუსეთს ეჭვი არ უნდა შეეპაროს ამ მთავრობის მტკიცე გადაწყვეტილებაში, დაუპირისპირდეს რუსულ აგრესიას როგორც უკრაინაში, ასევე დიდი ბრიტანეთისა და ჩვენი მოკავშირეების წინააღმდეგ“, - ხაზგასმით აღნიშნა მან.

მისივე თქმით, დიდი ბრიტანეთი „ვალდებულია, უზრუნველყოს უკრაინა იმ აღჭურვილობით, რომელიც მას პუტინის უკანონო შეჭრისგან თავის დასაცავად სჭირდება“.

BBC-მ ადრე გაავრცელა ინფორმაცია, რომ უკრაინამ ბრიტანული წარმოების დრონები რუსეთში სამიზნეებზე დარტყმებისთვის პირველად გამოიყენა. სავარაუდოდ, დრონები გამოიყენეს სამხედრო და სამრეწველო ობიექტების, მათ შორის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნებისა და ონლაინმაღაზია Wildberries-ის საწყობების წინააღმდეგ მასშტაბური დარტყმების დროს.