რუსეთი და უკრაინა ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის მახლობლად ცეცხლის ლოკალურ შეწყვეტაზე შეთანხმდნენ
რუსეთი და უკრაინა ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს შუამავლობით ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის მიდამოებში ცეცხლის ლოკალურ შეწყვეტაზე შეთანხმდნენ. ამის შესახებ Deutche Welle იუწყება.
ცეცხლის შეწყვეტა იმ მიზნით მოხდა, რომ სარეზერვო ელექტროგადამცემი ხაზის რემონტი მოხდეს.
„როგორც მოსალოდნელია, უკრაინელი ტექნიკური სპეციალისტები მომდევნო დღეებში 330 კილოვოლტიან ხაზზე სარემონტო სამუშაოებს დაიწყებენ. ის საბრძოლო მოქმედებების შედეგად 2 იანვარს დაზიანდა“, - განაცხადა ატომური ენერგიის სააგენტოს (IAEA) უფროსმა რაფაელ გროსიმ.
მისივე თქმით, სარემონტო სამუშაოებს IAEA-ის ექსპერტები დააკვირდებიან, რომლებიც ვენიდან ადგილზე უკვე გაემგზავრნენ.
გროსის თქმით. ატომური ენერგიის სააგენტო 10 ქვესადგურის ინსპექტირებას გეგმავს, რომლებსაც უკრაინის ბირთვული უსაფრთხოებისთვის კრიტიკული მნიშვნელობა აქვთ.
ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური - ევროპაში უდიდესია. მასში 6 ენერგობლოკი შედის, რომელთა ჯამური სიმძლავრე 6000 მგვტ-ია. ზაპოროჟიეს ელექტროსადგური დნეპრის მარცხენა ნაპირზე, ქალაქ ენერგოდართან მდებარეობს. 2022 წლის მარტიდან სადგურს რუსი სამხედროები აკონტროლებენ.
ამჟამად ატომური სადგურის ყველა რეაქტორი გაჩერებულია, მაგრამ მათ მუდმივი გაგრილება მაინც სჭირდებათ. დენის გათიშვის შემთხვევაში ამ ფუნქციას დიზელის გენერატორები ასრულებენ.