რუსეთი და ჩინეთი უკრაინაში ომის პირველადი მიზეზების აღმოფხვრას მოითხოვენ

პუტინი და სი ძინპინი ერთობლივ განცხადებაში აღნიშნავენ, რომ უკრაინის კრიზისის გრძელვადიანი მოგვარებისთვის, აუცილებელია, მისი პირველადი მიზეზების აღმოფხვრა.
„რუსეთი და ჩინეთი მხარს უჭერენ ყველანაირ ძალისხმევას, რაც ხელს შეუწყობს უკრაინაში მშვიდობის დამყარებას,“ - ნათქვამია განცხადებაში, რომელზეც UNIAN საუბრობს.
ლიდერებმა ხაზი გაუსვეს, რომ „სახელმწიფოებმა არ უნდა უზრუნველყონ საკუთარი უსაფრთხოება სხვა ქვეყნების უსაფრთხოების ხარჯზე და საზიანოდ.“
შეგახსენებთ, რომ ჩინეთის მმართველი მოსკოვში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება და 9 მაისს გასამართ აღლუმს უნდა დაესწროს.
როგორც UNIAN იტყობინება, ზოგიერთი დამკვირვებელი სი ძინპინის მოსკოვში ვიზიტს ავტოკრატიების ახალი ალიანსის ჩამოყალიბების საჩვენებლად მიიჩნევს. ეს ძალის დემონსტრირებაა დასავლეთის ერთიანობის დაშლის ფონზე.
ამავდროულად, მოსკოვსა და პეკინს შორის ურთიერთობა ისეთი შეუფერხებელი არ არის, როგორც ისინი ცდილობენ წარმოაჩინონ. ზოგიერთი ინფორმაციით, ჩინეთი სულ უფრო მეტად ღიზიანდება რუსეთისა და ჩრდილოეთ კორეის დაახლოებით.