Loading data...
რუსეთი ჩრდილოეთ კორეისგან იაფ მუშახელს ყიდულობს - WSJ

მოსკოვსა და ფხენიანს შორის სტრატეგიული ალიანსის კონტექსტში, კიმ ჩენ ინი რუსეთს არა მხოლოდ სამხედრო დახმარებას უწევს უკრაინის წინააღმდეგ ომში, არამედ ხელს უწყობს მუშახელის დეფიციტის მწვავე პრობლემის მოგვარებას. რუსეთში ჩრდილოეთ კორეელი მუშაკების რაოდენობა სწრაფად იზრდება, საერთაშორისო სანქციების მიუხედავად, - წერს The Wall Street Journal.

როგორც გამოცემა წერს, დემოგრაფიულმა კრიზისმა, უკრაინაში ომმა და ემიგრაციამ რუსეთში კადრების დეფიციტი გამოიწვია. განსაკუთრებით დაზარალდა მშენებლობის, მრეწველობისა და ინფრასტრუქტურული პროექტების სექტორები.

სამხრეთ კორეის დაზვერვის ცნობით, რუსეთში დაახლოებით 15 000 ჩრდილოეთ კორეელი ჩავიდა, ზოგიერთი სტუდენტური ვიზით. მოსკოვის მონაცემებით, 2024 წელს ჩრდილოეთ კორეის მოქალაქეების ქვეყანაში შესვლის რაოდენობა 12-ჯერ გაიზარდა. უმეტესობა შორეულ აღმოსავლეთში მუშაობს, რეგიონში, რომელსაც პუტინი ინდუსტრიულ ცენტრად მიიჩნევს.

პუტინმა ჩრდილოეთ კორეასთან თანამშრომლობაზე კომენტარის გაკეთებისას განაცხადა: „ესენი ჩვენი მეზობლები არიან. ჩვენ განვავითარებთ ჩვენს ურთიერთობას, მოსწონს ეს ხალხს თუ არა“.

რუსეთის ლიდერმა არაერთხელ დაუჭირა მხარი გაეროს სანქციების მოხსნას ჩრდილოეთ კორეის წინააღმდეგ. 2023 წლის ივნისში, ფხენიანში ვიზიტამდე რამდენიმე კვირით ადრე, მან ღიად გააკრიტიკა შეზღუდვები.

მედიის ცნობით, 2023 წელს ჩრდილოეთ კორეის სახალხო რესპუბლიკამ რუსეთში 12 000 ჯარისკაცი გაგზავნა, ხოლო 2024 წელს კიდევ 3 000 - რუსეთის არმიაში მნიშვნელოვანი დანაკარგების შემდეგ. ისინი სამხრეთ უკრაინაში საომარ მოქმედებებში მონაწილეობენ. გარდა ამისა, ჩრდილოეთ კორეა ამარაგებს ქვეყანას იარაღით.  რუსეთი და ჩრდილოეთ კორეა აქტიურ სატრანსპორტო კავშირებს ამყარებენ. ჩრდილოეთ კორეის ბრიგადები უკვე მონაწილეობენ რუსეთის ფედერაციის რეგიონულ დედაქალაქებში სკოლების მშენებლობაში.

როგორც გამოცემა წერს. რუსეთის მშენებლების პროფკავშირი ადასტურებს ჩრდილოეთ კორეელი პერსონალის გამოყენებას. გაეროს 2024 წლის მარტის ანგარიშის თანახმად, რუსეთის ფედერაციაში 120 კომპანიას ჰქონდა ურთიერთობა ჩრდილოეთ კორეის მოქალაქეებთან. მოსკოვი აცხადებს, რომ ამ კომპანიებიდან ზოგიერთი უკვე არააქტიურია.

2024 წელს რუსეთმა ჩრდილოეთ კორეელებზე 8 600 სტუდენტური ვიზა გასცა. ამავდროულად, რუსეთის უნივერსიტეტებში ჩრდილოეთ კორეელი სტუდენტების რეალური რაოდენობა მხოლოდ 130-ია, რაც მიუთითებს, რომ ვიზები მათი დანიშნულებისგან განსხვავებული მიზნებისთვის გამოიყენება.