Loading data...
რუსებმა ზაპოროჟიეს და ხარკოვის ოლქები დაბომბეს - არიან დაღუპულები

რუსეთმა ზაპოროჟიეს ოლქის პოლოხოვსკის რაიონი დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ ზაპოროჟიეს ოლქის სახელმწიფო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ივან ფედოროვმა განაცხადა.

მისი თქმით, რუსეთის არმიამ სოფელ ომელნიკს მართვადი ავიაბომბებით შეუტია, რის შედეგადაც სახლები დაინგრა, რომელთაგან ერთ-ერთში მცხოვრები 64 წლის ცოლ-ქმარი დაიღუპა.

ფედოროვის თქმით, მხოლოდ ერთ დღეში რუსებმა ზაპოროჟიეს ოლქის 20 დასახლებულ პუნქტზე 591 დარტყმა განახორციელეს. ოფიციალურმა პირმა აღნიშნა, რომ დაბომბვის შედეგად, 57 შეტყობინება შევიდა კერძო სახლების, ბინების, მანქანების, დამხმარე შენობებისა და ინფრასტრუქტურული ობიექტების დაზიანების შესახებ.

ამავდროულად, ხარკოვის ოლქის პროკურატურამ განაცხადა, რომ 31 აგვისტოს, ადგილობრივი დროით დაახლოებით 22:30 საათზე, კუპიანსკის რაიონის სოფელ პოდოლში რუსული FPV დრონი სამოქალაქო პირთა ავტომობილს დაეჯახა. 

„59 წლის მამაკაცი დაზიანებებით საავადმყოფოში გადაიყვანეს. მისი 51 წლის მეუღლე დაიღუპა“, - ნათქვამია განცხადებაში.

ამავე ცნობით, ხარკოვის ოლქის კუპიანსკის რაიონული პროკურატურის პროცედურული ხელმძღვანელობით, დაიწყო წინასწარი გამოძიება ომის დანაშაულის ჩადენის ფაქტზე, რამაც გამოიწვია პირის სიკვდილი (უკრაინის სისხლის სამართლის კოდექსის 438-ე მუხლის მე-2 ნაწილი).

გარდა ამისა, სუმის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ოლეგ გრიგოროვმა განაცხადა, რომ გვიან საღამოს მტრის დრონმა ბელოპოლსკას თემში სამოქალაქო ავტომობილი დაბომბა.

„დაშავდა 41 წლის ადგილობრივი მცხოვრები. ქალი დაზიანებებით საავადმყოფოში გადაიყვანეს, მისი მდგომარეობა მძიმეა. ექიმები საჭირო დახმარებას უწევენ“, - წერს ის.