2 აპრილი 16:24
უცხოეთი
რუსებმა ხარკოვსა და კრივოი-როგს შეუტიეს - არიან დაღუპულები და დაჭრილები

ხარკოვის კიევსკის რაიონში რუსული დრონი მრავალსართულიან საცხოვრებელ კორპუსს დაეჯახა, რის შედეგადაც, წინასწარი ინფორმაციით, ოთხი ადამიანი დაშავდა. ამის შესახებ უკრაინული მედია იუწყება

„დარტყმა 16-სართულიანი კორპუსის მე-8 სართულზე მოხდა. ეზოში ექვსი მანქანა დაზიანდა. ადგილზე უკვე მუშაობენ მუნიციპალური სამსახური და მოხალისეები“, - განაცხადა ქალაქის მერმა იგორ ტერეხოვმა.

მისივე თქმით, წინასწარი ინფორმაციით ოთხი ადამიანი დაშავდა. ისინი იმ ბინაში იმყოფებოდნენ, რომელსაც დრონი დაეჯახა.

„დაჭრილებიდან ორი საავადმყოფოში გადაიყვანეს, ორმა დაშავებულმა კი სამედიცინო დახმარება ადგილზე მიიღო“, - განაცხადა ქალაქის მერმა.

ამასთან, ხარკოვის რეგიონული სახელმწიფო ადმინისტრაციის თავმჯდომარემ ოლეგ სინეგუბოვმა განმარტა, რომ მტრის იერიშის შედეგად 65 წლის ქალი და 10 წლის ბიჭი დაშავდნენ. „ექიმები უწევენ ყველა საჭირო დახმარებას“, - დასძინა მან.

რუსმა ოკუპანტებმა დღეს კრივოი-როგსაც შეუტიეს. დნეპროპეტროვსკის რეგიონული სახელმწიფო ადმინისტრაციის თავმჯდომარემ სერგეი ლისაკმა განაცხადა, რომ მტერმა ერთ-ერთ საწარმოზე სარაკეტო იერიში მიიტანა.

მოგვიანებით მან განაცხადა, რომ წინასწარი ინფორმაციით, ქალაქზე მტრის შეტევას ოთხი ადამიანი ემსხვერპლა, ცხრა კი დაშავდა. მათი მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა.

ლისაკის ცნობითვე, ოკუპანტებმა რეგიონის სხვა რაიონებს დრონებით, მძიმე არტილერიითა და მართვადი საჰაერო ბომბებით შეუტიეს. ნიკოპოლის რაიონში დაბომბვის შედეგად 51 და 77 წლის მამაკაცი და ქალი დაშავდა. სინელნიკოვეში 56 წლის ადგილობრივი მცხოვრები დაშავდა. დაზიანდა საცხოვრებელი სახლები, ორი საწარმო, ორი სამეურნეო შენობა და მსუბუქი ავტომობილები.