Loading data...
რუმინეთში ერთადერთი ატომური ელექტროსადგური გაჩერდა, ქვეყანამ ელექტროენერგიის იმპორტი დაიწყო

რუმინეთმა ჩერნავოდაში, მდინარე დუნაის წყლის დონის მნიშვნელოვანი ვარდნის გამო, ქვეყნის ერთადერთ ატომურ ელექტროსადგურზე ატომური ენერგიის გამომუშავება შეაჩერა.

ჩერნავოდას ატომური ელექტროსადგურის ბოლო ენერგობლოკის გათიშვის სამუშაოები 13 აგვისტოს დილით დაიწყო და ადგილობრივი დროით დაახლოებით 11:00 საათზე დასრულდა.

ქვეყნის ერთადერთი ატომური ელექტროსადგურის გათიშვის გამო ელექტროენერგიის დეფიციტი 20%-ით გაიზარდა. ამ საჭიროებების დასაკმაყოფილებლად რუმინეთი ქარისა და მზის ელექტროსადგურებზე, ასევე, იმპორტზეა დამოკიდებული.

გარდა ამისა, მთავრობა ატომური ელექტროსადგურების დახურვის კომპენსაციისთვის როვინარის თბოელექტროსადგურში მეოთხე ენერგობლოკის ამუშავებას გეგმავს. თუმცა ამ პროცესს ართულებს სპეციალისტების ნაკლებობა, რომლებსაც შეუძლიათ სისტემის ამოქმედება. ამ მიზნით, თბოელექტროსადგურში სამი ყოფილი თანამშრომელი გამოიძახეს, რომლებიც ამჟამად პენსიაზე არიან გასულები.

რუმინეთის მთავრობას არ გამოუცხადებია, რამდენ ხანს შეიძლება გაგრძელდეს ატომური ელექტროსადგურის გაჩერება.