რუმინეთის თავდაცვის მინისტრმა თანამდებობა დატოვა მას შემდეგ, რაც აღიარა, რომ რეზიუმეში განათლების შესახებ ტყუილი ეწერა
რუმინეთის თავდაცვის მინისტრმა იონუტ მოშტეანუმ თანამდებობა დატოვა მას შემდეგ, რაც გაირკვა, რომ მან რეზიუმეში განათლების შესახებ მოიტყუა. ამის შესახებ მან Facebook-ზე დაწერა.
„დღეს მე გადავდექი ეროვნული თავდაცვის მინისტრის თანამდებობიდან. ამ ნაბიჯს ვდგამ ერთგულებითა და რუმინეთის არმიისადმი პატივისცემით“, - განაცხადა მოშტეანუმ 28 ნოემბერს.
მან აღნიშნა, რომ რუმინეთი და ევროპა რუსეთის თავდასხმის ქვეშ არიან, ამიტომ ეროვნული უსაფრთხოება ნებისმიერ ფასად უნდა იყოს დაცული.
„არ მინდა, რომ ჩემს განათლებასა და წლების წინ დაშვებულ შეცდომებზე მსჯელობამ იმ ადამიანების ყურადღება გადაიტანოს რთული მისიისგან, რომლებიც ახლა ქვეყანას ხელმძღვანელობენ“, - დაწერა მოშტეანუმ.
ადგილობრივი მედიის ცნობით, მოშტეანუმ გამოაქვეყნა აგროტურიზმის მენეჯმენტის ბაკალავრის ხარისხი, რითაც დაადასტურა, რომ მან 2015 წელს დაამთავრა ბუქარესტის ბიოტერას უნივერსიტეტი. მის წინა რეზიუმეში შეცდომით იყო მითითებული Athenaeum-ი, კერძო უნივერსიტეტი, რომელშიც ის არ სწავლობდა.
„რეზიუმე, რომელიც 2016 წელს სწრაფად შევადგინე ონლაინ შაბლონის გამოყენებით, შეიცავდა შეცდომას, რომელიც, ვაღიარებ, მაწუხებს. იმ დროს ამ დეტალებს დიდ ყურადღებას არ ვაქცევდი. ამისთვის ბოდიშს ვიხდი“, - განაცხადა მან ერთი დღით ადრე გამოქვეყნებულ Facebook პოსტში.