რუმინეთის თავდაცვის მინისტრი: რუმინეთი უკრაინის საზღვარზე ჯარისკაცების რაოდენობას გაზრდის
რუმინეთი დრონების საფრთხის გამო უკრაინის მოსაზღვრე რაიონებში ჯარისკაცების რაოდენობას გაზრდის, - ამის შესახებ რუმინეთის თავდაცვის მინისტრმა რადუ მირუტემ განაცხადა.
მისი თქმით, სულ მცირე, 14 შემთხვევაა დაფიქსირებული, როდესაც რუსული დრონები რუმინეთის საჰაერო სივრცეში შეიჭრნენ.
მინისტრის თქმით, ბოლო თვეების განმავლობაში ეროვნული თავდაცვის სამინისტრომ უკრაინის საზღვარზე მეტი ჯარისკაცი და თანამედროვე სამხედრო ტექნიკა განალაგა.
მირუტემ განაცხადა, რომ საფრთხის დონიდან გამომდინარე, მომავალში ამ ტერიტორიაზე, შესაძლოა, მეტი ჯარისკაცი განლაგდეს.
გარდა ამისა, მისი თქმით, რუმინეთის არმია თანდათანობით ზრდის საჰაერო თავდაცვის შესაძლებლობებს უკრაინის მახლობლად.
„ყველა ჩვენი ძალისხმევის მიუხედავად, არ არსებობს 100%-იანი გარანტია, რომ დრონები საცხოვრებელ ადგილებში არ გამოჩნდებიან, თუმცა რისკი მცირეა“, - აღნიშნა მან.
უკანასკნელი სერიოზული ინციდენტი გასული კვირის ბოლოს მოხდა. არმიამ ერთ-ერთი ქალისგან შეიტყო, რომ რუსული დრონი უკრაინის საზღვრიდან თითქმის 200 კილომეტრში, ვრანჩეას ოლქში, ეზოში ჩამოვარდა.
დრონი არმიის რადარმა ვერ დააფიქსირა, ამიტომ ხელისუფლებამ არ იცის, როდის ჩამოვარდა დრონი.