რუმინეთის პრეზიდენტმა რუსულ დრონებთან დაკავშირებული ინციდენტების შემდეგ დელეგაცია შეერთებულ შტატებში გაგზავნა
რუმინეთის პრეზიდენტმა ნიკუსორ დანმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში თავისი მრჩეველი მარიუს ლაზურკა და გენერალური შტაბის უფროსი, გენერალი გეორგეტა ვლადი შეერთებულ შტატებში გაგზავნა, სადაც ისინი მთავრობის წარმომადგენლებთან რუსულ დრონებთან დაკავშირებულ ინციდენტებს განიხილავენ.
ვიზიტის ფარგლებში რუმინეთის საჰაერო სივრცის დარღვევის ინციდენტების გარდა, ასევე, იგეგმება შავი ზღვის უსაფრთხოების საკითხების განხილვა.
რუმინეთის წარმომადგენლები ამ საკითხებს დონალდ ტრამპის ადმინისტრაციისა და აშშ-ის კონგრესის წარმომადგენლებთან შეხვედრებზე დააყენებენ.
„ეს საფრთხეები გვახსენებს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია უსაფრთხოების სფეროში ჩვენი ძლიერი პარტნიორობა შეერთებულ შტატებთან და რამდენად მადლიერები ვართ ამისთვის“, - დაწერა უსაფრთხოების საკითხებში რუმინეთის პრეზიდენტის მრჩეველმა მარიუს ლაზურკამ X-ზე.
ცნობისთვის, 24, 25 და 26 ივლისს რუმინულმა ავიაგამანადგურებლებმა ქვეყნის საჰაერო სივრცის დამრღვევი „შაჰედის“ ტიპის დრონები ჩამოაგდეს.
ინციდენტების შემდეგ რუმინეთმა გამოაცხადა გადაწყვეტილება, რომ რუსეთში თავისი ელჩი კონსულტაციებისთვის გამოიძახოს და რუსი დიპლომატი ქვეყნიდან გააძევოს.