რუმინეთის პრეზიდენტი აცხადებს, რომ მოლდოვა და რუმინეთი ერთ სახელმწიფოდ გაერთიანებისთვის მზად არ არიან
არც რუმინეთი და არც მოლდოვა ამჟამად მზად არ არიან ერთ სახელმწიფოდ გაერთიანებისთვის. ამის შესახებ რუმინეთის პრეზიდენტმა ნიკუსორ დანმა განაცხადა.
ჟურნალისტების თქმით, როდესაც დანი ევროპული საბჭოს სხდომაზე მივიდა, მას „არაოფიციალურად“ ჰკითხეს, მზად არის თუ არა რუმინეთი, სერიოზულად განიხილოს მოლდოვასთან გაერთიანების სცენარი.
„იმ მომენტში, როდესაც მოლდოვას რესპუბლიკის უმრავლესობას ეს სურს. ჩვენ ჯერ იქამდე არ მივსულვართ“, - უპასუხა რუმინეთის ლიდერმა.
მოლდოვას პრეზიდენტმა მაია სანდუმ, თავის მხრივ, განაცხადა, რომ „რუმინეთთან კავშირი იქნება ერთ-ერთი გზა, მოლდოვას რესპუბლიკას გარანტირებული ჰქონდეს, რომ ის თავისუფალი სამყაროს ნაწილად დარჩება და მშვიდობიანად იცხოვრებს, განსაკუთრებით მიმდინარე რეგიონულ და საერთაშორისო კონტექსტში“. თუმცა, მისი თქმით, ევროპელ ლიდერებთან გაერთიანების საკითხი არ განუხილავს და კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ ქვეყანა ევროკავშირში გაწევრიანებაზე გაამახვილებს ყურადღებას, რადგან ამჟამად მოლდაველ ამომრჩევლებს შორის რუმინეთთან გაერთიანებასთან დაკავშირებით კონსენსუსი არ არსებობს.